პოლიტიკის მკვლევარმა გია ნოდიამ, "ტაბულას" ეთერში გადაცემაში "თეორემა" პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუზე ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერი ვერ აცნობიერებს იმ ბერკეტებს, რაც რუსეთს გააჩნია ან შესაძლოა, გაუჩნდეს საქართველოს წინააღმდეგ.
"რომ ავიღოთ ბაზრის გახსნა - ასეთი პატარა ქვეყნისთვის ამხელა ბაზრის გახსნა არის კარგი, მაგრამ როდესაც ასეთი ურთიერთობა გვაქვს, მაშინ ბაზრის ასეთი გახსნა შეიძლება, იყოს გარკვეული ხიფათის მომტანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკურ ბერკეტს აძლევს რუსეთს ხელში.
მეორე ბერკეტია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ფორმალური ანექსია. პრაქტიკულად და ფაქტობრივად, ისინი რუსეთისაა ახლა, მაგრამ ფორმალურად ანექსირებული არ არის. ესეც ბერკეტია საქართველოზე და ეს ორი ბერკეტი რომ ბერკეტია, ამის გაცნოებირება პრემიერის საუბარში არ იგრძნობა. პირიქით, როგორც ჩანს, ჟურნალისტისთვის სრულიად ცხადია, რომ ეს ბერკეტია რუსეთის ხელში და ღარიბაშვილი იქით ამშვიდებს BBC-ს, რომ "ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად არის". რაც ძალიან პარადოქსულია, რა თქმა უნდა. ახლა ეს ღარიბაშვილს არ უფიქრია, თუ არ ესმის ეს, თუ განსაკუთრებით ღრმა ეშმაკობაა მისი აზრით, რომ ასე ილაპარაკოს, ამის ახსნა მე პირადად არ შემიძლია", - განაცხადა გია ნოდიამ.





