ბაროზოს ვიზიტი

გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს პირისპირ შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციიას. პრესსამსახურის თქმით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე გაამახვილეს.

გიორგი მარგველაშვილმა და ჟოსე მანუელ ბაროზომ ასოცირების შეთანხმებასა და ღრმადა ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ჟოზე-მანუელ ბაროზოს ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ახლოვდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

ასევე გიორგი მარგველაშვილმა და ჟოზე-მანუელ ბაროზომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც იმსჯელეს. ყურადღება მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი დავით პატარაია, პარლამენტის წევრი თედო ჯაფარიძე და ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატა საბანაძე. 

"ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლისთვისაც გაერთიანებული არის არა მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი, არამედ მთელი ქართული საზოგადოება. ეს არის გადაწყვეტილება, რომლის ერთგულიც ვართ არა მარტო დღევანდელი ქართველები, არამედ, რომლის ერთგულიც იყვნენ ჩვენი წინაპრებიც, როდესაც ევროპულ არჩევანს ახორციელებდნენ", -განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით ჟოსე მანუელ ბაროზოსთან საუბარი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებს შეეხო. 

"ისინი კონკრეტული ეკონომიკური პროექტების ჭრილში განიხილავენ ჩვენს მომავალ თანამშრომლობას. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ახალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკას მიეცემა ძალიან საინტერესო, ახალი სტიმული. საქართველოს ეკონომიკისთვის გაიხსნება უმნიშვნელოვანესი ევროპული ბაზარი. ასოცირების ხელშეკრულება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიღწეული ახალი ეტაპი, მაგრამ ჩვენთვის, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, საზოგადოებისთვის ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი. ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის წევრობისკენ და ეს იქნება ის არჩევანი, რომელსაც ჩვენ მომავალში ერთად განვახორციელებთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები