რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კანდელაკი: პრემიერმა BBC-სთან ინტერვიუში რუსული ნარატივი დაიცვა და გაამყარა

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-სთან ინტერვიუში რუსული ნარატივი დაიცვა და გაამყარა. დეპუტატის განცხადებით, მთავრობის მეთაური და "პასუხისმგებლობაგაქცეული ოლიგარქი" დგამენ ნაბიჯებს, რომლებიც აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და იცავს რუსეთის პოლიტიკას. მისი შეფასებით, პრემიერის გუშინდელ განცხადებებს მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს საერთაშორისო ასპარეზზე.

"მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა და სურს მისი წინსვლა, მოეწონოს პრემიერის გუშინდელი სრულიად არაკომპეტენტური გამოსვლა ასეთი მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან. მან ფაქტობრივად მოახდინა რუსული ნარატივის, რუსული ვერსიის, პუტინისეული ვერსიის გამყარება და ლეგიტიმაცია, როცა მან მაგალითად, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდა "დე ფაქტო სახელმწიფოები" და არა "ოკუპირებული ტერიტორიები", როცა მან ფაქტობრივად დაიცვა რუსული ნარატივი, რომ ყირიმის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევები არის სხვადასხვა. ფაქტია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც და პასუხისმგებლობაგაქცეული ოლიგარქიც, რომელიც კვლავაც არის მისი უფროსი, დგამენ ნაბიჯებს, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ ახეირებს პუტინის პოლიტიკას და ხაზს", - განაცხადა კანდელაკმა და აღნიშნა, რომ პრემიერის განცხადებებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს.

"პირველ რიგში ის, რომ იგი იმეორებს, მაგალითად, მიუნხენის კონფერენციაზე ნათქვამ ჩვენთვის კატასტროფულ ფორმულირებას, რომ თურმე ჩვენ ვაგვარებთ პრობლემას რუსეთთან, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა რუსეთთან და ყველაფერი მიდის კარგად. ამას მრავალი ზიანი მოაქვს ჩვენთვის, მაგალითად ის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში ხდება კიდევ უფრო დაქვეითება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხის, ხოლო დასავლეთ-რუსეთის ორმხრივ დღის წესრიგში პრემიერი აცალკევებს საქართველოს საკითხს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან, რაც ნიშნავს ჩვენი პრობლემის გადაწყვეტის უვადო გადავადებას", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

ცნობისთვის, BBC WORLD NEWS-თან საუბრისას, წამყვანის კითხვაზე - "შიშობთ თუ არა, რომ შესაძლოა სამხრეთ ოსეთიც ყირიმის გზას დაადგეს და რუსეთის ფედერაციამ შთანთქას?", საქართველოს პრემიერმა უპასუხა, რომ "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრულიად განსხვავებული ვითარებაა". მისი თქმით, დიდი შეცდომაა ყირიმისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შედარება.

"როგორც ვიცი და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთს არ აქვს ორი დე ფაქტო ტერიტორიის, დე ფაქტო მთავრობების ანექსიის განზრახვა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან დიდ წარმატებას მიაღწია.

კომენტარები