რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ბოკერია: ღარიბაშვილს არ შეუძლია ან არ ესმის, როგორ დაიცვას ქვეყნის ინტერესები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს არ შეუძლია ან არ ესმის, როგორ უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე". ბოკერიამ BBC-სთან საქართველოს პრემიერის გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა და აღნიშნა, რომ პირველი შთაბეჭდილება ირაკლი ღარიბაშვილის "არაკომპეტენტურობა და თვითკმაყოფილებაა".

"გეგონება, ნორვეგიის პრემიერი საუბრობდა. მას არ უხსენებია არც ერთი პრობლემა, არც ოკუპაცია, არც დევნილები, არც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. მთავარი გზავნილი ჰქონდა, რომ არიან ძალიან მაგრები და მოაგვარეს პრობლემა რუსეთთან. იმის ნაცვლად, რომ უკრაინის და, კერძოდ, ყირიმის კრიზისის ფონზე, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობდეს, ჩვენი პრობლემები არ დაივიწყოს მსოფლიომ, პირიქით, გზავნილი ჰქონდათ, რომ გაემიჯნონ ამ გამოცდილებას", - აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, BBC WORLD NEWS-თან საუბრისას, წამყვანის კითხვაზე - "შიშობთ თუ არა, რომ შესაძლოა სამხრეთ ოსეთიც ყირიმის გზას დაადგეს და რუსეთის ფედერაციამ შთანთქას?", საქართველოს პრემიერმა უპასუხა, რომ "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრულიად განსხვავებული ვითარებაა". მისი თქმით, დიდი შეცდომაა ყირიმისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შედარება.

"როგორც ვიცი და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთს არ აქვს ორი დე ფაქტო ტერიტორიის, დე ფაქტო მთავრობების ანექსიის განზრახვა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან დიდ წარმატებას მიაღწია.

კომენტარები