პრემიერის ინტერვიუ

ჭიაბერაშვილი: მთავრობა ვერ ბედავს, რუსეთს დაარქვას თავისი სახელი – ოკუპანტი

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. აღნიშნული მან ღარიბაშვილის BBC-სთან ინტერვიუს შეფასებისას თქვა. ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს საკუთარი სახელი დაარქვას.

"მავნებლურ პოლიტიკის და რიტორიკას, რომელსაც საფუძველი ბიძინა ივანიშვილმა ჩაუაყარა, ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს. ამას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს დაარქვას თავისი სახელი – ოკუპანტი. ის არასწორ ფორმულირებებს აკეთებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის წინაშე დგას, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ამით ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამგვარმა განცხადებებმა შეიძლება მოიტანოს შედეგი, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის საკითხი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დღის წესრიგში სულ უფრო ქვემოთ ჩაიწევს, რაც რა თქმა უნდა, ხელს აძლევს რუსეთს, ეს ხელ-ფეხს გაუხსნის მას გააკეთოს იგივე, რაც გააკეთა უკრაინაში ყირიმთან მიმართებით", - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჟოზე-მანუელ ბაროზოსთან შეხვედრაზე დასვამს იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც დღეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია.

"ოპოზიციამ მაინც უნდა ისაუბროს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთა გადაჭრაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს წარმოადგენს", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ "რუსეთს არ აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ანექსიის განზრახვა".

კომენტარები