კახი კალაძეს ნინო ბურჯანაძის მომხრეებმა აქცია მოუწყვეს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ქობულეთში, ვიცე პრემიერ კახა კალაძეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებმა და მომხრეებმა საპროტესტო აქცია მოუწყვეს, ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის დიმიტრი ჭეიშვილის თქმით, აქცია Georgian Palace Hotel-თან გაიმართა, სადაც კახა კალაძე იყო გაჩერებული. ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებმა 26 მაისთან დაკავშირებით კალაძის გუშინდელი განცხადება გააპროტესტეს. 

"მან ერთი ერთში გაიმეორა ის რიტორიკა, რომელიც ჰქონდა და აქვს ნაციონალურ მოძრაობას. მან თქვა, რომ ბურჯანაძემ ხალხი მიატოვა და ა.შ. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ის აქტიური მხარდამჭერი იყო სააკაშვილის ხელისუფლების. როდესაც კალაძემ მსგავსი განცხადებები გააკეთა გუშინ, ქობულეთის და ბათუმის აღშფოთებულმა მოსახლეობამ ამის გაპროტესტება გადაწყვიტა. მივედით სასტუმროსთან და მოვითხოვეთ, რომ კალაძე რამდენიმეს მარტო შეგხვედროდა, თუმცა უარი თქვა. მე პირადად ვიყავი 26 მაისის მონაწილე და მინდოდა მისთვის რეალურად რა მოხდა, ის მეთქვა", - განაცხადა ჭეიშვილმა და აღნიშნა, რომ აქციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ცნობისთვის, კახა კალაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ 26 მაისს, "როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ", ბურჯანაძის ესკორტი ნაციონალური მოძრაობის გაკეთებული კორიდორით გაიქცა. 

"სიმართლე უთხარით ქვეყნის მოსახლეობას, რომ 2008 წელს თქვენ წამოხვედით ნაციონალური მოძრაობიდან იმის გამო, რომ სააკაშვილმა გაგათავისუფლათ, რადგან ვერ მოილაპარაკეთ საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ეს იყო რეალობა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 26 მაისი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ, როგორ გაგიკეთათ კორიდორი ნაციონალურმა მოძრაობამ თქვენ ესკორტს და როგორ გარბოდით, იქ კი ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. ერთ ოჯახს მაინც თუ მიაქციეთ ყურადღება, ოჯახებს, რომლებიც იქ გააპარტახეს", - განაცხადა კახა კალაძემ. 

კომენტარები