საბანკო სექტორი

საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგში საქართველოს ბანკი ლიდერობს

Forbes Georgia-ს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და Ernst&Young-ის თანამშრომლობით Forbes-ის ივნისის ნომერში საქართველოს საბანკო სექტორის რეიტინგი გამოქვეყნდა. 

ბანკების შეფასება 4 ძირითადი ინდიკატორის მიხედვით მოხდა: 

  • სრული აქტივები
  • გაცემული სესხები
  • ვალდებულებები და ანაბრები
  • კაპიტალი 

შეფასებები ეროვნული ბანკისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდა. 

ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს საქართველოს კომერციული ბანკების ჯამური აქტივები 20%-ით გაიზარდა და 17 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამ ზრდის დიდი ნაწილი წმინდა სესხებზე მოდიოდა, რაც სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების და მომენტალური განვადებების მატებამ განაპირობა. 

სრული აქტივების ყველაზე დიდი ზრდა (577 მლნ. ლარამდე) საქართველოს ბანკზე მოდიოდა. პროკრედიტ ბანკი ერთადერთი ბანკი აღმოჩნდა, რომელმაც 2013 წელს უარყოფითი ზრდა აჩვენა აქტივების მიხედვით 2012 წელთან შედარებით და მესამეს ნაცვლად მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა. 

პირველი ხუთეული სრული აქტივების მიხედვით ასე გამოიყურება: 

  1. საქართველოს ბანკი 
  2. თიბისი ბანკი
  3. ლიბერთი ბანკი 
  4. ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალი 
  5. პროკრედიტ ბანკი

ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი 2013 წელს პროგრეს ბანკი იყო, რომელმაც სრული აქტივების 166%-იანი ზრდა აჩვენა. 

გაცემული სესხების მიხედვითაც საქართველოს ბანკი ლიდერობს მთლიანი სასესხო პორტფელით 3.2 მილიარდ ლარზე მეტი, რაც 2012 წლის შემდეგ 11%-იანი ზრდის შედეგია. 

სასესხო პორტფელში ყველაზე სწრაფი ზრდა თურქულმა ზირაათ ბანკმა აჩვენა, რომელმაც 2012 წელთან შედარებით 288%-ით მეტი თანხა გასცა სესხად, თუმცა მთლიანი პორტფელით სიაში მხოლოდ 19-ე ადგილი დაიკავა 21 კომერციული ბანკიდან. 

გაცემული სესხების მიხედვით კი პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: 

  1. საქართველოს ბანკი
  2. თიბისი ბანკი
  3. პროკრედიტ ბანკი
  4. ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალი
  5. ლიბერთი ბანკი 

მოზიდული დეპოზიტების მიხედვით რეიტინგში ისევ საქართველოს ბანკი ლიდერობს 3 მილიარდ ლარზე მეტი აქტივით. 2012 წელს ეს რიცხვი 2.5 მილიარდ ლარზე ცოტა მეტი იყო და ერთ წელიწადში 16%-ით გაიზარდა. 

ქართუ ბანკის სადეპოზიტო ბაზა ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იყო და 182%-ს მიაღწია. 

მოზიდული დეპოზიტების მიხედვით პირველ ხუთეულს ისევ საქართველოს ბანკი ლიდერობს:

  1. საქართველოს ბანკი
  2. თიბისი ბანკი
  3. ლიბერთი ბანკი
  4. პროკრედიტ ბანკი
  5. ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალი 

კაპიტალის ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპი ბაზის ბანკმა დააფიქსირა (126%), და ამავე კრიტერიუმით შეფასებულთა სიაში 7-ე ადგილზე მოხვდა, რამაც 2012 წელთან შედარებით 2 პუნქტით დააწინაურა. საქართველოს ბანკი ამ ინდიკატორის მიხედვითაც ლიდერია, თუმცა პირველ ხუთეულში კაპიტალის ზრდის ტემპის მიხედვით ქართუ ბანკი ყველაზე სწრაფად გაიზარდა და 2013 წელს 80%-ით მეტი კაპიტალი დააგროვა (200 მილიონ ლარზე მეტი). 

ქართუ ბანკი კაპიტალის სიდიდის მიხედვით პირველ ხუთეულშიც მოხვდა: 

  1. საქართველოს ბანკი
  2. თიბისი ბანკი
  3. ქართუ ბანკი
  4. ლიბერთი ბანკი
  5. ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალი 

საბანკო რეიტინგების წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, გუგა სულხანიშვილმა და Ernst&Young-ის მმართველმა პარტნიორმა, რუსლან ხოროშვილმა თიბისი ბანკს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა მიულოცეს. 

ქადაგიძემ აღნიშნა, რომ თიბისი ბანკის ამ ნაბიჯის შედეგად ქართული საბანკო სექტორის 50%-მდე უკვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გასული, რაც საბანკო სექტორისათვის დიდი წარმატებაა. 

კომენტარები