პრემიერი: მარნეულის ინციდენტში მონაწილეები უმკაცრესად დაისჯებიან

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მარნეულის ინციდენტში მონაწილე პირები არჩევნების შემდეგ, უმკაცრესად დაისჯებიან. ამის შესახებ პრემიერმა ბათუმის ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. 

"ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი, თუნდაც მარნეულში. მინდა შევპირდე საქართველოს მოსახლეობას, რომ არჩევნების დამთავრებისთანავე, ამ ფაქტს მიეცემა ძალიან მკაცრი შეფასება და ძალიან მკაცრი რეაგირება. ყველა დამნაშავე, რომელიც ამ ინციდენტში მონაწილეობდა, მაქსიმალურად მკაცრად დაისჯება", - აღნიშნა პრემიერმა. 

ცნობისთვის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კობა ასანიძის 5 ივნისის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მარნეულში ჩავიდნენ, სადაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის განცხადებაში შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა „გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას" ცდილობდა. ამასთან, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწოდა, მარნეულში მომხდარი ფაქტის გამოძიება პირადად გააკონტროლონ.

კომენტარები