თეა წულუკიანი: ხათუნა გოგორიშვილის ადგილას შემრცხვებოდა

"ხათუნა გოგორიშვილის ადგილას შემრცხვებოდა, ისეთ ლიბერალ ადამიანს, როგორიც დავით უსუფაშვილია, ბრალი დასდო, თითქოს ეთნიკური ნიშნით რაღაც ზეწოლას ახორციელებდა", - ამ განცხადებით იუსტიციის მინისტრი, უწყებათაშორისო კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოხმაურა. უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ წულუკიანმა პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პოლიტიკური საქმიანობის პროცესში მოქალაქეთა ეთნიკური ნიშნით დაყოფისაგან თავი შეიკავონ, რადგან ეს წულუკიანის თქმით, ქვეყნისათვის დამღუპველია.

“უწყებათაშორისი კომისია ძალიან მკაცრად გმობს იმ აგრესიას, რომელიც გიგი უგულავამ და ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებმა მარნეულში, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ განახორციელეს. ეს არის დაუშვებელი, ამას სახელმწიფო არ მოითმენს. თუკი რაიმე სადავო გადაწყვეტილება იქნება, პირუთვნელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, უწყებათაშორისი კომისიის ყველა წევრი ერთპიროვნულად გმობს, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მუდმივად მოქალაქეთა ეთნიკურ წარმოშობაზე, მათ ეთნიკურ კუთვნილებაზე აპელირებს.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური საქმიანობისას თავი შეიკავოს მოქალაქეთა ეთნიკური ნიშნით დაყოფისაგან, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. პარტიებს, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს არჩევნებში გამარჯვების მიზნით ეჯიბრებიან, არ უნდა დაავიწყდეს საკუთარი სამშობლო. სწორედ ის, რომ ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილი და ამ პარტიის სხვა წარმომადგენლები არ ისვენებენ და თავიანთ პოლიტიკურ ბრძოლაში აქცენტებს ეთნიკურ წარმოშობაზე, ეთნიკურ კუთვნილებაზე აკეთებენ. სურთ, რაღაცა ტიპის დაპირისპირებები რეალობად წარმოაჩინონ, რაც არ არის სიმართლე. საქართველოში არავითარი ეთნიკური დაპირისპირება არ არის და თუკი რაიმე კონფლიქტი ყოფილა, ყოფილა მხოლოდ ყოფით ნიადაგზე. რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მე ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილის ადგილას შემრცხვებოდა, ისეთ ლიბერალ ადამიანს, როგორიც რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილია, ბრალი დავდო იმაში, თითქოს ეთნიკური ნიშნით რაღაც ზეწოლას ახორციელებდა. ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მასთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მარნეულში გამგებლობის საკუთარი კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნას სთხოვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით კი, ის ნამდვილად შეხვდა გოგორიშვილს, თუმცა, შეხვედრაზე უხსენებიათ არც ერთი გვარი და სახელი, არ განუხილავთ არც ერთი კანდიდატის საარჩევნო რეიტინგი თუ წარმატების ალბათობა "და არ ყოფილა არც „დამითმე-დაგითმობ" და არც „თუ არა და მაშინ" საუბარი". უსუფაშვილის თქმით, საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და არა ვინმეს პერსონალურად.

კომენტარები