ქართველი სამხედროები

პრეზიდენტი: დღეს ქვეყნის მთლიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის დასაცავი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ცენტრალური აფრიკის მისიაში მიმავალ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, "დღეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ავღანეთში და გავაკეთებთ აფრიკაში, კიდევ უფრო გაამაგრებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ავტორიტეტს, როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ჩვენს ქვეყანაში". გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა.

"თქვენ მიბრძანდებით იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან მაღლა აწიოთ ის დროშა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყეს, პასუხისმგებლობას, მხედრულ ღირსებას, კიდევ ერთხელ, საერთაშორისო ასპარეზზე ააფრიალებს. თქვენ ეს არაერთხელ გაგიკეთებიათ. ჩვენ ყველანი ვართ ამაყი იმ გმირობით, რაც თქვენ და თქვენს თანამებრძოლებს ჩაუდენიათ ავღანეთში, ISAF-ის მისიაში. ყველანი ვამაყობთ იმ ნაბიჯებით, რაც გადაგიდგამთ და მომავალში ვიამაყებთ იმით, რასაც თქვენ ემსახურებით ახლა უკვე ცენტრალურ აფრიკაში", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები იმ ერის შვილები არიან, ვინც ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება შეძლო.

"თქვენი წინაპრების გმირობის საფუძველზე, უძლიერესი იმპერიებით გარშემორტყმული ჩვენი ქვეყანა არასდროს დაცემულა. ქართველი ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ინარჩუნებდა. დღეს ეს მთლიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა დასაცავი. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ სიამაყე თითოეული ჩვენი მოქალაქის. თითოეული ჩვენი მოქალაქე ფიქრობს იმაზე, რომ თქვენ მშვიდობით წაბრძანდეთ, მშვიდობით შეასრულოთ თქვენი მისია და მშვიდობით დაბრუნდეთ. იცოდეთ, რომ თქვენი მშვიდობიანი დაბრუნება და წარმატებული სამსახური წაადგება ჩვენს ქვეყანას და უკეთეს მომავალს შეუქმნის მთელ მსოფლიოს. მადლობა იმ სამსახურისთვის, რაც უკვე გაგიწევიათ ჩვენი სამშობლოსთვის, მადლობა იმისთვის, რასაც გააკეთებთ და მადლობა იმ გმირობისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ინარჩუნებდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მომავალშიც შეინარჩუნებს, გახდის აბსოლუტურად მტკიცეს, ორიენტირებულს, იყოს თანამედროვე მსოფლიოს პასუხისმგებლიანი და ძლიერი წევრი", - მიმართა მარგველაშვილმა ქართველ სამხედროებს.

ქართული ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 6-თვიანი სამშვიდობო მისიით დღეს გაემგზავრება. მისიას ევროკავშირი გაერო-ს რეზოლუციის შესაბამისად ახორციელებს.

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესახებ თხოვნით თებერვალში მიმართა. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ მისიაში ქართული მხარის ჩართვას მხარი დაუჭირა.

კომენტარები