უკრაინის კრიზისი

პრორუსმა ტერორისტებმა საქართველოს მოქალაქის დახვრეტის ვიდეო გაავრცელეს

უკრაინაში მოქმედმა პრორუსმა ტერორისტებმა youtube-ზე მძევლების დახვრეტის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოზე გორლოვკის ტერორისტული დაჯგუფების მეთაური იგორ ბეზლერი, მეტსახელად „ბეს", უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს და აცნობებს, რომ რვა უკრაინელი ოფიცერი ჰყავს დატყვევებული. და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მის მიერ მითითებულ პიროვნებას არ გაათავისუფლებს, ყველა მათგანს მოკლავს.

ამის შემდეგ, ბეზლერის ბრძანებით, შეიარაღებული პირი ორ პიროვნებას ესვრის, რომლების სახით კედლისკენ არიან შეტრიალებული. ბეზლერი მათ გვარებს ასახელებს - ბუდიკი და ვასიუშჩენკო.

უკრაინული მედიის ცნობთ, ქალაქ გორლოვკაში 2 მაისს უცნობმა პირებმა საქართველოს მოქალაქე, ევრომაიდნის აქტივისტი ვასილ ბუდიკი გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ამ ვიდეოს გავრცელებას უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ აპირებს, რუსეთის მოქალაქე ბეზლერი კი უკრაინის და საერთაშორისო კანონებით უნდა დაისაჯოს.

უკრიანსკაია პრავდა აღნიშნავს, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი დახვრეტის ნამდვილობა დადგენილი არ არის. გამოცემის ცნობით, „ბესს" აქამდეც განუცხადებია ტყვეების დახვრეტის შესახებ, რომლებიც შემდგომში ცოცხლები აღმოჩნდნენ. ასევე შეუძლებელია ვიდეოზე „დახვრეტილ" პირთა ზუსტი იდენტიფიცირება.

კომენტარები