ძიძიგური: ინფორმაცია კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ სიცრუეა

wikipedia.org

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ოპოზიციური პარტიების კანდიდატები  არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარს ქართული ოცნების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო ამბობენ.

“პირიქით, ქართულმა ოცნებამ წერილი და თხოვნა გაუგზავნა ცესკოს, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის  სიის შენარჩუნება მომხდარიყო. ასეთი რამ, მე არ მახსენდება, რომ რომელიმე ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიების მიმართ გაეკეთებინოს. ცესკომ ეს თხოვნა დააკმაყოფილა და მოხდა ჩვენი ოპონენტების სიების შენარჩუნება. ეს არის რეალური დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ოპოზიციისადმი და საარჩევნო დემოკრატიისადმი“, - განაცხადა, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობთ, ზვიად ძიძიგურმა.

მისვე თქმით,  კოალიცია  ქართული ოცნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენდობა და დარწმუნებულია, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. “მიუხედავად იმისა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიტიკური კოალიციის გადაწყვეტილებებსა და მოსაზრებებს არ დაემთხვა ცესკოს გადაწყვეტილებები, მიგვაჩნია, რომ არის ობიექტური ორგანო და ცესკო ჩაატარებს ობიექტურ არჩევნებს. თუ ვის, სად, როგორი პრეტენზია ექნება, რომელ პოლიტიკურ ძალას, ვფიქრობ, ცესკო განიხილავს. თუ ცესკო არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ სასამართლოს. ასეთი პრეცედენტი იყო ამ საარჩევნო კამპანიის დროს და იქნება მომავალშიც“, -  განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები