ოკუპირებული ტერიტორიები

კანდელაკი: პრემიერმა აფხაზეთთან მიმართებით უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ნელ-ნელა ქრება საერთაშორისო დღის წესრიგიდან". კანდელაკი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის საჭირბოროტო ყველა საკითხთან მიმართებაში, ირაკლი ღარიბაშვილი სხვა რეალობაშია.

"ის არის არაადეკვატური. აფხაზეთთან მიმართებაში, ამ უპასუხისმგებლო განცხადებით, ფაქტობრივად, მან ბედის ანაბარა მიატოვა გალის რაიონში დარჩენილი ეთნიკურად ქართველები, რომლებიც ახლა არიან განსაკუთრებული წნეხის და ძალადობის საფრთხის ქვეშ. ის და მთავრობა არ იყენებს შექმნილ საერთაშორსო კონიუნქტურას იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ოკუპაციის აქტუალიზაცია. მაღალი დონის შეხვედრებზე, პრემიერი არ ახდენს ამ საკითხის აქტუალიზაციას და პირიქთ, ამბობს, რომ "ჩვენ დავალაგეთ ურთიერთობები რუსეთთან". ეს არის დამანგრეველი საქართველოს ინტერესებისთვის" - აცხადებს კანდელაკი.

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები "ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა". როგორც პრემიერმა ექსპო ჯორჯიაში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, მთავრობა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ამასთან, ღარიბაშვილი აფხაზეთის მოვლენებს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მოახლოებას არ უკავშირებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე, "თვლით, რომ ეს არის შიდა გადაადგილებები და რუსეთი არ მონაწილეობს ამ პროცესში გარედან?", პრემიერი პასუხობს, რომ "ყველამ ყველაფერი ვიცით კარგად. რაც აფხაზეთში ხდება, ღიად არის დეკლარირებული და ყველამ კარგად იცით, რა პროცესები მიმდინარეობს. ეს არის გადაადგილება და დაველოდოთ, ჩვენ დავიწყეთ ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პოლიტიკა. აბსოლუტურად შევცვალეთ ის რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ჩვენს მოძმე აფხაზეთთან და ოსეთთან. ამ ეტაპზე არ გვსურს დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა და დაძაბული განცხადებების კეთება" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები