პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ღარიბაშვილი მისი სიმამრის მასპინძლობისთვის საბიუჯეტო თანხის ხარჯვას უარყოფს

დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის და თანამდებობის პირების მასპინძლობისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 4 აპრილს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან რესტორანში 2 350 ლარი დახარჯა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი არსენ ბუღრიძე ინდმეწარმე „ომარ ნონიაშვილისთვის“ მომსახურებისთვის 2350 ლარის გადარიცხვას ადასტურებს. თუმცა, საფინანსო სამსახურში სტუმრების ვინაობისა და ვიზიტის მიზნების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თამაზ თამაზაშვილი 4 აპრილს ახმეტაში ჭიდაობაში საქართველოს პირველობას ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსით ესწრებოდა.

საქართველოს პრემიერის განცხადებით კი, "გუშინ გელა მთივლიშვილმა გაავრცელა მორიგი ტყუილი, თითქოს ჩემი ოჯახის წევრი იყო ახმეტაში ჩასული და ბიუჯეტის ხარჯზე რაღაც სუფრა გაუმზადეს". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ეს არის ტყუილი მეგობრებო, უკვე სირცხვილია, როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი ტყუილის ტირაჟირება და ნაციონალური მოძრაობის დაკვეთების შესრულება". მისი შეფასებით, "საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა არასწორი საქციელი და უსამართლობაა".

როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, "ხანდახან ისეთ მდგომარეობაში არიან ოჯახის წევრები, რომ სახლიდან გამოსვლა არ უნდათ. ხან რას დააბრალებენ, ხან რას".

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი გელა მთივლიშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ გადამოწმების შემდეგ, რესტორანში თამაზ თამაზაშვილის ყოფნა დაუდასტურეს. მთივლიშვილმა პრემიერი მის უსაფუძვლო ლანძღვაში დაადანაშაულა. როგორც ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის პათოსი ჟურნალისტებთან მიმართებაში შეურაცხმყოფელია. 

"მინდა ვუპასუხო პრემიერს ჩემი უსაფუძვლო ლანძღვის გამო. მე ისე ვმეგობრობ ღვინიაშვილთან, როგორც ვმეგობრობდი საპარლამენტო არჩევნებამდე თქვენთან და თქვენი ოჯახის წევრებთან. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ჩვენი ყურადღების გარეშე დარჩა და დეტალურად არ გაგვიშუქებია საპარლამენტო არჩევნებამდე. თქვენი დღევანდელი პრესკონფერენციის პათოსი შეურაცხმყოფელია. ფონის დამძიმებაში, სხვისი კითხვების დასმაში გვადანაშაულებთ, რაც პრემიერის მხრიდან არასწორია და გარკვეული მედიასაშუალებების დისკრედიტაციას ემსახურება", - მიმართა პრემიერს მთივლიშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობაში თამაზ თამაზაშვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ოფიციალური პირებისთვის წარმომადგენლობითი ხარჯები კანონმდებლობით მკაცრად არ რეგულირდება. საპარლამენტო უმრავლესობაში კი, თამაზაშვილის მასპინძლობისთვის საბიუჯეტო თანხების ხარჯვა არ უკვირთ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ბიუჯეტის მიზნებისგან გვერდის ავლით საბიუჯეტო თანხის ხარჯვას გაუმართლებლად მიიჩნევენ. სახალხო დამცველის აზრით კი, ხარჯების შესახებ კითხვებს პასუხი მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2013 – 2014 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარესტორნე მომსახურებისთვის 74 298 ლარი დახარჯა.

კომენტარები