პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ბოკერია: პრემიერი პრობლემას მხოლოდ მედიაში და ოპოზიციის არსებობაში ხედავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "საქართველოს პრემიერის გუშინდელ პრესკონფერენციაზე, თუ შეიძლება, ამას პრესკონფერენცია დაერქვას, ვიხილეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი სურათი". ბოკერია აღნიშნავს, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერი და მთავრობა, რომელიც კმაყოფილია ქვეყანაში არსებული ვითარებით.

"კმაყოფილია ეკონომიკაში არსებული ვითარებით, არ ცნობს ან არ იცის იმის შესახებ, რომ უმუშევრობა და კრიმინალი იზრდება და ხალხის შემოსავალი იკლებს. ის კმაყოფილია რუსეთთან ურთიერთობით, თვლის, რომ წარმატებას მიაღწიეს და ნორმალიზებულია ვითარება. პრემიერი ვერც აფხაზეთის ვითარებაში ხედავს საფრთხეს. ეს აბსურდული ვითარება გვაქვს. ერთადერთი, სადაც პრობლემას ხედავს ჩვენი მთავრობა, ეს არის ჟურნალისტების კითხვები და ოპოზიციის არსებობა. ეს ძალიან მძიმე სურათია", - აცხადებს ბოკერია.

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ჟურნალისტებს შეხვდა. მისი შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა. პრემიერის თქმითვე, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების რეალური შედეგია რუსული ბაზრის გახსნა და ის, რომ "გვაქვს მაქსიმალურად კონსტრუქციული რეჟიმი". მისივე შეფასებით, ქვეყანაში კრიმინალს არ მოუმატია. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მედია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

კომენტარები