პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი ღონიაშვილის დაკავებაზე: ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი სქემა

საქართველოს პრემიერმინისტრი თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავას ქვისლის გიორგი ღონიაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის დანაშაულებრივი სქემა, რომელზეც იყო საუბარი, ყოვლად მიუღებელია.

"ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი სქემა, რომ კეზერაშვილის ოფშორული ფირმიდან ირიცხებოდა თანხები და ხდებოდა ფულის გათეთრება და ამ თანხების შემდგომში პარტიისთვის მოხმარება. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია და ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული, რომელიც იქნება გამოძიებული და ძალიან მკაცრად იქნება ყველა დასჯილი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ღონიაშვილი გუშინ დააკავა. საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარიც ფიგურირებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგი უგულავამ გიორგი ღონიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ღონიაშვილს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებასთან, არამედ საერთოდ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანია.

კომენტარები