პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: მედია თავისუფალია, მაგრამ ხარისხი და ობიექტურობა აკლია

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მედია თავისუფალია, თუმცა, ჩნდება კითხვები მისი საქმიანობის ხარისხისა და ობიექტურობის მიმართ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფრონტნიუსის ჟურნალისტის კითხვას - იყო თუ არა მაესტროს გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება, ასევე რუსთავი ორში აღმოჩენილი ფარული მიყურადების აპარატურა და ტაბულას მისამართით გაკეთებული ირონიული კომენტარები მედიაზე ზეწოლა, პრემიერმა კითხვებითვე უპასუხა და აღნიშნა, რომ მედიასთან დაკავშირებით თავისი აზრის გამოთქმის უფლებას დაიტოვებს.

"თეორიულად უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ ჟურნალისტი შეიძლება შეცდეს? უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ მაესტროს ჟურნალისტმა თავის შეფასებებსა და კონტროლში გარკვეულწილად გადააჭარბა? არიან თუ არა ჟურნალისტები ხელშეუხებელნი? შეიძლება თუ არა ჟურნალისტების ობიექტური გაკრიტიკება? აზრის გამოხატვა მის მიერ მომზადებული გადაცემის, სიუჟეტის თუ სტატიის მიმართ? გვაქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება გითხრათ, რომ თქვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი არასწორია ან გადაჭარბებული? ამჩნევთ განსხვავებას, რაც იყო მედიაში სააკაშვილის დროს და რაც არის ჩვენ დროს? თუ დღეს ვდავობთ იმაზე, რომ მედია არის ზეწოლის ქვეშ, ძალიან დიდი უსამართლობაა. დღეს თუ კიდევ ვინმეს არ სჯერა, რომ მედია თავისუფალია, დიდი უსამართლობაა", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა.

"რეგიონში ვართ პირველ ადგილზე, ხოლო 60 ქვეყანას შორის, მე-12 ადგილზე. თქვენ რა, გგონიათ ვერ ვხედავთ, არ ვიცით მედიის თავისუფლების ფასი? მაგრამ, თუ მიტოვებთ უფლებას, რომ გამოვთქვა აზრი, რომ ხანდახან თქვენი სიუჟეტი, გადაცემა გადაჭარბებული ან ზედმეტად სუბიექტურია, მიტოვებთ უფლებას, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ? ჩვენ გვაქვს ამის უფლება. არ მიიღოთ ეს ჩემი საუბარი როგორც კრიტიკა – ვისურვებდი, რომ დღეს მეხილა მედია, რომლის მიერ მომზადებული სიუჟეტები და გადაცემები ხარისხობრივად უფრო მაღალი იქნებოდა. უფრო თავისუფლები რომ ხართ, ამაზე აღარავინ არ დავობს, მაგრამ ხარისხზე და ობიექტურობაზეა საუბარი, სიმართლესა და სამართლიანობაზეა საუბარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები