პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ვერ დაგეთანხმებით, რომ სახელმწიფო ლგბტ თემს არ იცავს

პრემიერის პრესსამსახური

ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აღინიშნა 2014 წლის 17 მაისს ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. პრემიერი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საზოგადოების ნაწილმა ვერ შეძლო აქციის ჩატარება იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან დაცვის გარანტია არ ჰქონდათ. პრემიერმინისტრმა ნეტგაზეთის ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, რომ გასული წლის 17 მაისს პოლიციამ კარგად იმუშავა და დაპირისპირების დროს, მხოლოდ სამართალდამცველები დაზარალდნენ.

"გასულ წელს ჩატარდა, ხომ? იქ მოხდა შეხლა-შემოხლა და პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა. მე პირადად ვიყავი ადგილზე და სასწაული მოხდა. რამდენიმე ათას კონტრდემონსტრანტს დახვდა იქ ათი ადამიანი. ავტობუსები წინასწარ მივიყვანეთ და დავიცავით. არც ერთი ადამიანი არ დაზარალებულა, პოლიციელების გარდა. დღეს რომ მეუბნებით, რომ სახელმწიფო არ იცავს მათ, მე ვერ დაგეთანხმებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წელს, საქართველოში, უფლებადამცველებს და ლგბტ თემის წარმომადგენლებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე არ აღუნიშნავთ. საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა და ამ დღეს, სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა სამებამდე მსვლელობა მოაწყო. გარდა ამისა, პარლამენტთან ჩატარდა ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო აქცია.

კომენტარები