პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ჯანყარაშვილი შევარჩიე როგორც პროფესიონალი და არა როგორც ნათესავი

საქართველოს პრემიერის განცხადებით, მედიასაშუალებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აბსურდულ ბრალდებებს იმეორებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ბრალდებებს ეხებოდა. მისი თქმით, მთავარი ბრალდება, რაც მისი მისამართით ისმოდა, იყო ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსი მისი მეუღლის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი იყო.

"მე თავიდანვე ვთქვი, როცა დავინიშნე, რომ ეს ადამიანი არის ჩემი ახლობელი, მაგრამ იქვე განვმარტე, რომ არ დამინიშნავს, არ ამირჩევია ნათესაური ნიშნით, არამედ, შევარჩიე როგორც პროფესიონალი, დასაყრდენი ძალა. მე ძალიან რთულ პერიოდში მომიწია შსს-ში მისვლა, იცით, როგორი სამინისტრო ჩავიბარე. მჭირდებოდა ადამიანი, ვისაც დავეყრდნობოდი.. მე და რამდენიმე ადამიანმა გადავატრიალეთ რეალურად, ერთ წელიწადში სხვა სამინისტრო მივიღეთ. ზვიადი პატიოსნად, ღირსეულად, პირნათლად ემსახურა თავის საქმეს და როცა პრემიერად დავინიშნე, დაიხურა ქუდი კაცმა და წავიდა. რა არის ამაში გაუგებარი და მიუღებელი? რომელიმე ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ასეთი რამე არის დასჯადი და სკანდალის თემა", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, კულტურის განყოფილებაში მეუღლის მამიდა დაინიშნა. 

"სირცხვილია ამ ყველაფერზე საუბარი და მერიდება კიდეც. ადამიანი, რომელიც 25-30 წელი კულტურის სფეროში მოღვაწეობს, პედაგოგი იყო, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გამოუშვეს სამსახურიდან და რომ მოვედით, უბრალოდ აღდგა იქ. რა უფლებით დაიწყო მუშაობაო? ჩემს ნათესავებს თავისი ისტორია და წარსული აქვთ, ახლა არ დაუწყიათ მუშაობა, გადავასახლო სხვა ქვეყანაში? ავუკრძალო მუშაობა თუ ვუბიძგო სხვა რაღაცეებისკენ? მარაზმში გადაიტანეს საუბარი, რომ თითქოს ჩემი მეუღლის ძმა ლექსო თამაზაშვილი, რომელიც დეპუტატია, ნეპოტიზმის ნიშნით არის დეპუტატი. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვიყავით ჩართულები და პარლამენტში რომ მოხვდა გამარჯვების შემდეგ, რატომ არის უჩვეულო? მე შეიძლება საერთოდ არ დავნიშნულიყავი პრემიერად, ეს დაემთხვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღესვე, საქართველოს პრემიერს კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა ჰკითხა, არიან თუ არა მისი ნათესავები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსი ნუგზარ პაპიაშვილი და დაცვის პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო იაკობიშვილი. პრემიერმა აღნიშნა, რომ იაკობიშვილი არც მისი და არც თამაზ თამაზაშვილის ნათესავი არ არის. ნეპოტიზმთან დაკავშირებით მთივლიშვილის კითხვაზე ღარიბაშვილმს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ შეკითხვებს არ უპასუხებს.

კომენტარები