პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ღარიბაშვილი: არ გაუარესებულა კრიმინოგენური ვითარება, ჭიკაიძე მუშაობს ეფექტურად

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "ფონი, რომელსაც მედიასაშუალებები კრიმინოგენურ ვითარებასთან მიმართებაში ქმნიან, გადაჭარბებულია". როგორც დღეს ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, წინა ხელისუფლების დროს, დანაშაულები იმალებოდა და არ შუქდებოდა, ახლა კი, პირიქით ხდება.

"დღეს არც ერთი დანაშაული არ არის გაუხსნელი. თითქმის ყველა დანაშაული იხსნება ძალიან ოპერატიულად. ძალიან მოტივირებულია სამართალდამცავი უწყებები. ამ ფონს, რომელსაც მედიასაშუალებები ქმნით, არის ძალიან გადაჭარბებული. მინდა, შეგახსენოთ ყველას პასუხისმგებლობა, რომ ეს ფონი მოქმედებს ინვესტიციებზე, ინვესტორების განწყობებზე, რეალობა გვაქვს სხვა და რაში გჭირდებათ ეს? რეალობა თქვენ უნდა დაინახოთ სხვა კუთხიდან. ამის საშუალება გაქვთ, რადგან სამინისტრო არის გამჭვირვალე და ღია", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მედია ქმნის დაძაბულ ფონს.

"ჩემი შს მინისტრობის პერიოდში, წამოიწყეს მიზანმიმართული კამპანია, რომ გაიზარდა კრიმინალი. კრიმინალი ყველა ქვეყანაშია. ის, რომ საუბედუროდ ოჯახში მოხდა რაღაც, მეგობარმა მეგობარი დაჭრა, ამის პრევენცია არის შეუძლებელი. ამის ტირაჟირება და გაშუქება იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, მიმაჩნია, რომ არის დიდი უსამართლობა. ამ ყველაფრით, თქვენ ქმნით დაძაბულ ფონს და რაც მთავარია, მოსახლეობა იძაბება. რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ სამინისტროში, დაელაპარაკოთ უწყების ხელმძღვანელს, რისი უზრუნველყოფაც შეიძლება. შეგიძლიათ, თქვენ თვითონ ნახოთ რეალური სტატისტიკა თუ რა ხდებოდა გასული წლების განმავლობაში და რა ხდება დღეს. თბილისში რაც გვაქვს დღეს, ასეთი კრიმინოგენური ვითარება არ ყოფილა გასულ წლებში. ხდებოდა დანაშაულის დამალვა, ხდებოდა ფაქტების მიჩქმალვა და არ გაშუქება. დღეს რატომღაც ყველაფერს აშუქებენ, ყველა ავარიას აშუქებენ და ამით იწყებენ ნიუსს", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, იმის დასადასტურებლად, რომ ადრე მომხდარი დანაშაული არ შუქდებოდა, ანალიზიც ჩატარდა.

"მე ანალიზი გავაკეთებინე გასულ წელს. მაინტერესებდა, რამდენი დანაშაული ხდებოდა გასულ წლებში და ჩვენ დროს და რამდენის გაშუქება ხდებოდა და ხდება. დავინახე ძალიან დიდი სხვაობა. დანაშაულის 80% არ შუქდებოდა სააკაშვილის დროს, რომელიც ამბობდა, რომ კრიმინალი მოსპო საქართველოში. ჩვენ დროს აბსოლუტურად პირიქით მოხდა. დანაშაული შემცირდა და გაშუქების თვალსაზრისით იყო აბსოლუტურად განსხვავებული სურათი. არ არის გაუარესებული კრიმინოგენური ვითარება. მინისტრი ჭიკაიძე მუშაობს ეფექტურად, სამინისტროს ყველა თანამშრომელი ძალიან მოტივირებულია და მინდა, მადლობა ვუთხრა მათ", - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, წელიწადზე მეტია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინოგენური ვითარების დეტალური სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია. შსს სტატისტიკას მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე, დაჯამებული სახით აქვეყნებს, რაც შეუძლებელს ხდის ანალიზს - რა ტიპის დანაშაული გაიზარდა ან შემცირდა.

კომენტარები