პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი პრემიებზე: არ დავუშვებთ განუკითხაობას, როგორიც იყო ნაციონალების დროს

"ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ხდებოდეს ისეთი განუკითხაობა, როგორიც იყო ნაციონალების დროს. როცა ინიშნავდნენ პრემიებს და ფუფუნებაში ცხოვრობდნენ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, პრემიებზე და ხელფასებზე ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას მოსახლეობა მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავს. მისი თქმით, მინისტრსა და მის მოადგილეს სჭირდება შესაბამისი ანაზღაურება, რათა კორუფციის ფაქტები არ იყოს.

”იუსტიციის მინისტრის ხუთ მოადგილეზე 220 ათასი ლარი გაიცა. ჩვენ თუ ამას გავყოფთ ხუთზე და გადავანაწილებთ 12 თვეზე, აღმოჩნდება, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სახელფასო დანამატი. რა დამსახურებისთვის? მინისტრის მოადგილე არის პასუხისმგებელი პირი კონკრეტულ მიმართულებაზე, მას სჭირდება შესაბამისი ანაზღაურება”, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, თუ ჩვენ გვინდა არაკორუმპირებული მთავრობა, რომელიც იქნება ხალხზე ორიენტირებული, მაშინ უნდა მივცეთ შესაბამისი ანაზღაურება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ის არ დაუშვებს მოხდეს ის, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს ხდებოდა.

პრემიერმინისტრის თქმით, ხარვეზები არის და გადაცდომებიც ხდება, თუმცა ამ ყველაფრის დრამატიზება არ შეიძლება

”თუ ვიღაცას შეცდომა მოსდის და გადაცდომა მოსდის, ხარვეზები იყო, რა თქმა უნდა, როცა ამხელა პრემიები ერთჯერადად, ავანსის სახით, გაიცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. შეცდომა იყო, მაგრამ ეს ადამიანი მოვიდა, მთელი გულით იმუშავა, დაალაგა ციხე, დაიფარა ქუდი და წავიდა, გადადგა, ვაჟკაცურად მოიქცა. ასე არ შეიძლება ყველაფრის დრამატიზება, მოსახლეობისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.   

ღარიბაშვილის თქმით, მინისტრი და მისი მოადგილე იმსახურებენ მაღალ ხელფასს, რადგან მათ სხვა პასუხისმგებლობა აკისრიათ, მათ ”ამ დანგრეულ ქვეყანას რამე უნდა უშველონ”.

კომენტარები