პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ბატონი ბიძინა არსად არ აპირებს წასვლას, ადამიანმა საოცრება მოახდინა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ბატონი ბიძინა არსად არ აპირებს წასვლას". ღარიბაშვილმა პრაიმტაიმის კითხვას უპასუხა, რომელიც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან შესაძლო წასვლას და მის გეგმებს ეხებოდა.

"როგორ შეიძლება, ვინმეს გაუჩნდეს ეს კითხვა და დაიჯეროს, ადამიანმა მართლა საოცრება მოახდინა. როცა იყო ყველაზე დიდი საფრთხე, ბატონი ბიძინას თუნდაც ფიზიკური ლიკვიდაციის, მაშინ არ დატოვა ქვეყანა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რაზე იყო წამსვლელი წინა ხელისუფლება. მაშინ გადაწყვიტა რომ არსად არ მიდის და გააკეთა ის, რაც გააკეთა. მაშინ არ დატოვა საქართველო, როდესაც ყველაზე მეტად იყო სახიფათო მისი დარჩენა და დღეს რატომ უნდა წავიდეს?", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ამის არავითარი მიზეზი არ არსებობს. მისივე თქმით, ივანიშვილმა ყველა დაპირება შეასრულა. 

"რაც დაპირდა მოსახლეობას, ყველაფერი გააკეთა. იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე დაპირდა. როგორც პირველ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მოვიდოდა 2-3 წლით, იმაზე ადრე გავიდა პოლიტიკიდან, ვიდრე დაპირდა მოსახლეობას და ზოგადად, ის, რომ ქვეყნიდან წასვლას აპირებს, არის აბსოლუტური ტყუილი, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი მერიდება. პირიქით, ბატონი ბიძინა არის მოტივირებული, რომ საინტერესო პროექტები განახორციელოს საქართველოში, ამას ძალიან მალე ვნახავთ. ის  აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში და მალე ვიხილავთ მის ბევრ წარმატებულ პროექტს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლაზე ჭორი ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

 

კომენტარები