პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: მარიხუანის ლეგალიზაცია არ მოხდება ანუ დეკრიმინალიზაცია არ მოხდება

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, მარიხუანის ლეგალიზაცია არ მოხდება". პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა. 

"მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ლეგალიზაცია არ მოხდება მარიხუანას, ეს არც განიხილება და მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ეს არ მოხდება. ანუ დეკრიმინალიზაცია არ მოხდება. რაც შეეხება მუხლების გადახედვას, ამაზე კიდევ შეიძლება, ვიმსჯელოთ, თუმცა მე ვიცი, რომ მიდგომა შეიცვალა. მე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო, რომ პირველ ფაქტზე, როდესაც პიროვნებას მარიხუანას მოწევაზე დააკავებენ, ის ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, განმეორებით ფაქტზე 2 000 ლარით და მესამე ფაქტზე არის მხოლოდ პატიმრობა ან კიდევ უფრო გაზრდილი ჯარიმა. მე არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ამაზე ლოიალური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, არ მესმის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ "ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა – ნარკომან თაობას შევუწყოთ ხელი თუ ჯანსაღ თაობას". პრემიერის თქმით, მარიხუანა არის პირველი ეტაპი და შემდეგ მას წამალი და ბიო ნარკოტიკები მოსდევს.

"ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც ნარკომანიასთან ბრძოლას და არა ისე, რომ რამდენიმე ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ მარიხუანას მოწევა არაა დანაშაული. მე არ დავუშვებ, რომ წახალისდეს ნარკომანია, პირიქით", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები