პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: უკანონოდ აღარ ვუსმენთ, კანონიერად - ვუსმენთ და მოვუსმენთ კიდეც

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება უკანონო მოსმენებზე უარს ამბობს და წინამორბედთა პრაქტიკას არ დაუბრუნდება. პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ფარული მოსმენების მიმართულებით საკანონმდებლო ბაზა წესრიგდება.

"როდესაც რაღაც არალეგალურად ხდება, ანუ ხდება უკანონობა, ამაზე იწყება გამოძიება, მოხდება რეაგირება, დამნაშავე იქნება დასჯილი, როცა დანაშაული გაიხსნება. ის, რომ მოსასმენი აპარატურა ბუნებაში არსებობს, ამაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები. დღეს მსოფლიო იმდენად განვითარებულია, რომ მსგავსი ტიპის აპარატურები არის ღია მიმოქცევაში. მისი ყიდვა შეიძლება ძალიან მარტივად, ვისაც ფული და ელემენტარული კონტაქტები აქვს. შესაბამისად, ამის პრევენცია და გამოვლენა ამ ეტაპზე ჩვენს ძალას აღემატება. იმდენად რთული სისტემაა, მოსმენა შეიძლება ძალიან მარტივად. მოსმენების თემა არა მარტო ჩვენი, არა მსოფლიოს თემაა. მსოფლიოში სკანდალები ყოველთვის ამ თემის ირგვლივ არის და ეს არის თემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. დღეს მოსმენები, გადაღება ძალიან მარტივია და არ უნდა შევქმნათ პანიკა და ისტერიკა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მობილურ ოპერატორებს აქვთ საშუალება, რომ საკუთარ აბონენტებს მოუსმინონ, ჩვენ ამ საშუალებას ვერ შევეწინააღმდეგებით. მათ ამის საშუალება აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთონ და არც აკეთებენ, მაგრამ ამის საშუალება არსებობს და ამას სჭირდება მოწესრიგება", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, საკანონმდებლო პაკეტის მიღების გარდა, რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ აღარ ხდებოდეს მოსმენები, პრემიერმა უპასუხა, რომ "აღარ ვუსმენთ, უკანონოდ. კანონიერად, რა თქმა უნდა, ვუსმენთ და მოვუსმენთ კიდეც".

კომენტარები