პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ღარიბაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ჯამში 5% აქვთ, სიმბოლურ ციფრზე ჩამოვიდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა. პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტაბულას ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. კითხვა პრემიერის იმ განცხადებას ეხებოდა, რომელიც მან ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის შესახებ გააკეთა. პრემიერმა წინასაარჩევნო შეხვედრისას გურიაში აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ოჯახის წევრებიც კი არ აძლევენ ხმას - ”თუ საკუთარი ოჯახის წევრებიც აღარ აძლევენ ხმას ნაციონალურ მოძრაობას, 22 პროცენტი საპრეზიდენტო არჩევნებში როგორ აიღეს? ფიქრობთ, ასეთი რიტორიკა კარგად ახასიათებს თქვენს პოლიტიკურ ძალას?"

ტაბულას საპასუხოდ პრემიერმა განაცხადა, რომ ამ პარტიის რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა.

”ყველგან გაზომილია, 5-6 % აქვთ ყველა სოფელში, საერთო ჯამში აქვთ 5%. ანუ საკუთარ სიმბოლურ ციფრზე ჩამოვიდნენ. ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და დადგინდა, რომ მათ აქვთ ძალიან კლებადი რეიტინგი. არჩევნების შემდეგ საერთოდ ვერ წარმომიდგენია, რა პერსპექტივაზე აქვთ საუბარი ან თქვენ რას ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვთ მათ”, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები