პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: მე და პრეზიდენტს გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც უნდა გვქონდეს

საქართველოს მთავრობა

"თუ საჭიროება და სურვილი იქნება, რატომაც არა, მაგრამ ამის საჭიროება არ ვიცი, არის თუ არა", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა მაესტროს ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმ დელეგაციაში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად გაემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "არ გვისაუბრია ამ თემაზე" და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთახმებას პრემიერი მოაწერს ხელს.

"ურთიერთგანსხვავებული განცხადებები გავაკეთეთ მე და პრეზიდენტმა ამ თემაზე. რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, რომ წინასწარ შეგვეჯერებინა პოზიციები, მაგრამ ასე ვერ მოხდა, რადგან როგორც მახსოვს, აქ არ ვიყავი და კომუნიკაციის პრობლემა წარმოიშვა. მანამდე შევხვდით და ნორმალურად მიმდინარეობს ყველაფერი. ის, რომ განსხვავებული პოზიციები დავაფიქსირეთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში რეალური დემოკრატიაა", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა და აღნიშნა, რომ მასსა და გიორგი მარგველაშვილს შორის, არანაირი დაძაბულობა არ არსებობს.

"ჩვენ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც უნდა გვქონდეს. არ გვაქვს იმდენი დრო, რომ უფრო ხშირად შევხვდეთ, ამის საჭიროებაც არ არის. როცა არის საჭირო, მაშინ ერთად ვჩნდებით, მაგალითად, 26 მაისს, როცა ერთად ვიზეიმეთ ეს დღე. ამაში უჩეულო არაფერია და უნდა შევეგუოთ, რომ კონსტიტუცია შეიცვალა და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პრემიერია, პრეზიდენტს სხვა ფუნქციები აქვს, პარლამენტს სხვა. ამაში უჩვეულო არაფერია. მე და პრეზიდენტს გვაქვს საერთო ხედვები, რომ ქვეყნის ინტერესები არასდროს დაზიანდება და რაც შეეხება ყოფით საკითხებს და რაღაც ეტიკეტებს - ის უკან რატომ იდგა და წინ რატომ არა, ყურადღებას ნუ აქცევთ და ნუ აქცევინებთ საზოგადოებას. ამით ფონს აუარესებთ, ამას უსმენს უცხოელი ინვესტორი, დიპლომატი და ფიქრობს, რომ რაღაც ხდება, არადა, არაფერი არ ხდება", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

კომენტარები