პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: სააკაშვილს დასაქმება შევთავაზე, სათაკილოა პლანტაციებში მუშაობა?

პრემიერის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერის განცხადებით, მას მიხეილ სააკაშვილისთვის "რეალურად ცუდი საქმე" არ გაუკეთებია, როდესაც გურიაში სტუმრობისას თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პლანტაციაში უნდა ამუშაოს. მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია იმედის შეკითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა გურიაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს - "არსად არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას", "სააკაშვილი არის სულელი კაცი", "არც ერთ სოფელში არ უნდა დარჩეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნარჩენი" და "საააკშვილი უნდა ჩამოვიყვანოთ და პლანტაციაში ვამუშაოთ". ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად მისაღებია პოლიტიკურ ოპონენტზე ამ ტონალობით საუბარი.

"მე მას შევთავაზე სამუშაო და რატოა უჩვეულო? სათაკილოა პლანტაციებში მუშაობა? გურიაში ძალიან კარგ ხალხს ვესაუბრებოდი და ვუხსნიდი, რომ ვიწყებთ ადგილობრივ წარმოებას, ვუყვებოდი ჩემი ინიციატივის შესახებ, რომ ყველგან უნდა გაიხსნას საწარმოები და აღდგეს ტრადიციული წარმოება, რომელიც სააკაშვილმა მოსპო და გაანადგურა. გურიის პლანტაციების აღდგენასა და დასაქმებაზე იყო საუბარი და და ერთ-ერთი სამუშაო ადგილი შევთავაზე სააკაშვილსაც, რომელიც ხალხმაც მოიწონა და აღტაცებით შეხვდა. სხვებიც თუ ნერვიულობენ იმათაც დავასაქმებ, ბოკერიასაც, იქნება იმდენი ადგილი, რომ დავასაქმებ. მე მგონი, ხუმრობა აღარ ესმის ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა პრემიერმა და ჟურნალისტის კითხვაზე, გადადგომის შემდეგ, თავად რას აპირებს, უპასუხა, რომ "ჯერ არ ვაპირებ გადადგომას, დიდ ხანს უნდა მოიცადოთ".

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებითვე, იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ დაუშვებს არც ერთ რეგიონსა და ქალაქში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, "მე აბსოლუტურად არასწორი განცხადება არ გამიკეთებია". პრემიერის თქმით, ის რეგიონებში აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს და ეს განცხადება გააკეთა, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა.

"და არა როგორც პრემიერმა. ეს არის ძალიან განმასხვავებელი. რა თქმა უნდა, ყველა ლიდერი მოტივირებულია, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს. დამისახელეთ ერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ძალის ლიდერი არ ზრუნავს საკუთარი პარტიის გამარჯვებაზე. რა თქმა უნდა, მე ვარ მოწოდებული და მჯერა, რომ ყველა რაიონში, ყველა სოფელში გავიმარჯვებთ ჩვენ. აქ საუბარია დემოკრატიულ არჩევნებზე, გამჭვირვალობაზე და თანაბარ, კონკურენტულ გარემოზე. ამ პირობებში მოტივირებული და მოწოდებული ვარ და ეს იყო მოწოდება თითოეული მომრჩევლის და აქტივისტის მიმართ, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს. ამაში უჩვეულო არაფერია, ეს არის პოლიტიკური ლიდერის ჩვეულებრივი განცხადება", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ განცხადებით, "ნარჩენი არ უნდა დარჩეს", უტრირება მოახდინა.

"ეთიკური იყო თუ არ იყო, ამაზე ნუ ვიკამათებთ, მაგრამ ის, რაც მე ვთქვი, რომ არც ერთ რაიონსა და სოფელში არ უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა, ამაში უჩვეული არაფერია. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მოსახლეობის სურვილია და ჩვენი სურვილები დაემთხვა ერთმანეთს. მე ვგულისხმობ არჩევნებით მიღებულ შედეგებს. ეს ასეც იქნება და ეჭვი არავის ეპარება. ჩვენ ვართ უალტერნატივო პოლიტიკური ძალა. ჩვენ ყველგან ხუთი თავით მაღლა ვდგავართ ყველა პოლიტიკურ ძალაზე და, მით უმეტს, ნაციონალურ მოძრაობაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები