პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ღარიბაშვილი: აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები "ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა". როგორც პრემიერმა ექსპო ჯორჯიაში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, მთავრობა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ამასთან, ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, აფხაზეთის მოვლენებს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მოახლოებას არ უკავშირებს.

"მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის საჭირო, გარკვეული აჟიოტაჟი ავტეხოთ და დავძაბოთ საზოგადოება. ჩემი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება. ამას გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა, რომ შეიძლება, გალის მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეექმნას, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით და მოგვიანებით გახდება შესაძლებელი რეალური ანალიზის გაკეთება" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე, "თვლით, რომ ეს არის შიდა გადაადგილებები და რუსეთი არ მონაწილეობს ამ პროცესში გარედან?", პრემიერი პასუხობს, რომ "ყველამ ყველაფერი ვიცით კარგად. რაც აფხაზეთში ხდება, ღიად არის დეკლარირებული და ყველამ კარგად იცით, რა პროცესები მიმდინარეობს. ეს არის გადაადგილება და დაველოდოთ, ჩვენ დავიწყეთ ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პოლიტიკა. აბსოლუტურად შევცვალეთ ის რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ჩვენს მოძმე აფხაზეთთან და ოსეთთან. ამ ეტაპზე არ გვსურს დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა და დაძაბული განცხადებების კეთება" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტის აზრით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ღია ჩარევა რუსეთის მხრიდან, ღარიბაშვილმა კი აღნიშნა, რომ "დაველოდოთ, დაველოდოთ, ამას სჭირდება დადასტურება, დაკვირვება, სწორი ანალიზი, არ მსურს, ნაჩქარევად გავაკეთო კომენტარი ამ თემაზე".

მისივე თქმით, რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესში და ეს რუსეთმაც დაადასტურა.

"ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს, რომ რამე გართულებას უნდა ველოდოთ. არ ვუკავშირებ აფხაზეთის მოვლენებს და ასოცირების შეთანხმების მოახლოებას ერთმანეთს. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ვაგრძელებთ კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც დავიწყეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამას რეალური კონკრეტული შედეგები მოჰყვა. ასევე იყო თანმხვედრი პოზიტიური ნაბიჯები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ვგულისხმობ, იგივე რუსეთის ბაზრის გახსნას. სულ რაღაც ათი დღის წინ, კიდევ გაიხსნა ბაზარი სოფლის მეურნეობის დამატებითი პროდუქტებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯები და ის მცდელობები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა, არის რეალური შედეგის მომცემი" - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

კომენტარები