პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ვერც ერთ დანაპირებს თქვენ ვერ მეტყვით, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება. 

კითხვა-პასუხის რეჟიმში გადასვლამდე, პრემიერი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის წელიწად-ნახევარს აჯამებს.

"ვერც ერთ დანაპირებს თქვენ ვერ მეტყვით, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. ყველა ეს დაპირება, რომელიც ჩვენ მივეცით მოსახლეობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესრულდება 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში. ხოლო ის, რაც ჩვენ მოვახერხეთ 18 თვის მანძილზე, ეს იყო მართლაც უპრეცედენტო", - თქვა ღარიბაშვილმა და ამის მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვა, ასევე, სოციალურად დაუცველთა ფულადი დახმარებების გაზრდა მოიყვანა. 

მისივე თქმით, "ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, ბიუჯეტი ივსება - არ ივსება, აჟიოტაჟი ატეხეს გასულ წელს, გაირღვა თუ არ გაირღვა, ისიც ვერ გაარკვიეს, გაირღვა თუ არა. საბოლოო ჯამში, ვნახეთ, რომ სტაბილურად გავაგრძელეთ ქვეყნის განვითარება, რაც მანამდე არ არსებობდა".

ცნობისთვის, გასული წლის ბიუჯეტი 700 მილიონით გაირღვა. ამასთან, გუშინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა და 2004 წლის ნიშნულზე დაბრუნდა.

პრემიერის რანგში, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს მეორედ ხვდება.

კომენტარები