საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობა

ბურკჰალტერი: საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელების საკითხზე ვმუშაობთ

შევიცარიის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ინციდენტების პრევენციის მსგავსი მექანიზმი გალშიც ამოქმედდება - ამის შესახებ დიდიე ბურკჰალტერმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მან საქართველოს პრეზიდენტთან ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე საკითხებზე იმსჯელა. შვეიცარიის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მისივე განცხადებით, ჟენევის ფორმატის გაგრძელება აუცილებელია. დღესვე ხელი მოეწერა ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებას საქართველოსა და შვეიცარიას შორის. 

"რაც შეეხება ეუთოს მისიის გაგრძელებას საქართველოში - ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ის იქნება მობილური ჯგუფის ფორმატის, რომელიც ვენიდან იმუშავებს. თუმცა ეს სხვადასხვა მხარეებს შორის შეთანხმებას და განხილვას საჭიროებს. რაც შეეხება გალის საკითხს - ძალიან მნიშნელოვანია, ამოქმედდეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმი. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია შევქმნათ მონიტორინგის მცირე მისია", - განაცხადა დიდიე ბურკჰალტერმა.

შვეიცარიის პრეზიდენტი დღეს დილით ერგნეთში იმყოფებოდა. დიდიე ბურკჰალტერი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარი ინციდენტები, ასევე ცხელი ხაზის მუშაობის ეფექტურობა და მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები განიხილეს. დიდიე ბურკჰალტერმა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შვეიცარია, როგორც ეუთოს პრეზიდენტი ქვეყანა, ყველაფერს აკეთებს რეგიონში სტაბილურობისთვის.

დღესვე შვეიცარიის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. დიდიე ბურკჰალტერი და მაია ფანჯიკიძე ორმხრივ დოკუმენტსაც გააფორმებენ.

კომენტარები