საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობა

მარგველაშვილმა და ბურკჰალტერმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დიდიე ბურკჰალტერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს. დიდიე ბურკჰალტერმა გიორგი მარგველაშვილს ინფორმაცია მიაწოდა ერგნეთში, ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, სადაც დღეს დილიდან იმყოფებოდა.

შვეიცარიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მსგავსი მექანიზმი გალშიც ამოქმედდება. როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, საჭიროა, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ერთმანეთთან კონტაქტი შეინაჩუნონ და ასე დაადგნენ კონფლიქტის დაძლევისა და შერიგების გზას. შვეიცარიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი და ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია საქართველოში აღდგეს ეუთოს წარმომადგენლობა.

"თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა დიდიე ბურკჰალტერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ამჟამად არსებული მძიმე ვითარება გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებების და უკანონო დაკავებების ფაქტების შესახებ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.
გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის როლი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები