საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობა

დიდიე ბურკჰალტერი ერგნეთის შეხვედრის მონაწილე მხარეებს გაეცნობა

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს გაეცნობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ გოჩა რატიანმა განუცხადა. მისი განმარტებით, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ინციდენტების პრევენციის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა.

"შვეიცარიის პრეზიდენტს თავდაპირველად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ექნება ჩვენთან, მონაწილე მხარეებთან, პირველ წუთებში ის დარჩება შეხვედრაზე, რომ უფრო დეტალურად გაეცნოს ვითარებას, თუ რა პირობებში მიმდინარეობს ეს შეხვედრები და როგორ", - განაცხადა გოჩა რატიანმა.

ამასთან, ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, შევიცარიის პრეზიდენტი ერგნეთში უკვე ჩავიდა და აღნიშნულ შეხვედრას ესწრება.

იმის შესახებ, რომ შვეიცარიის პრეზიდენტი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, მონაწილეობას მიიღებდა ინციდენტების მექანიზმების ჯგუფის სხდომაში, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმაც ისაუბრა.

"მას ეს შეხვედრები საშუალებას მისცემს, საქართველოდან წაიღოს ინფორმაცია პირველწყაროდან და, შესაბამისად, მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ, ჟენევის ერთ-ერთი თანათავმჯდომარის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რეაგირება შექმნილ სიტუაციაზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს 45-ე შეხვედრა იმართება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს, ცხელი ხაზის მუშაობის ეფექტურობის მნიშვნელობას, მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებს განიხილავენ. შეხვედრის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ სასმელი წყლის პრობლემაზე სოფელ კოშკაში და მიწის ნაკვეთებზე წვდომის საკითხზე.

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი საქართველოს გუშინ ეწვია. ბურკჰალტერი დღეს თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივ დოკუმენტებს გააფორმებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძესთანაც გამართავს შეხვედრას.

კომენტარები