NATO-რუსეთი

რასმუსენი: ალიანსი ყირიმის რუსეთთან მიერთებას არასდროს აღიარებს

ბრიუსელში, NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრა. რასმუსენმა აღნიშნა, რომ "ალიანსის წევრი სახელმწიფოები მკაცრად გმობენ ყირიმის უკანონო ანექსიას და ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებენ".

გენერალურმა მდივანმა მოიწონა უკრაინაში ჩატარებული არჩევნები და აღნიშნა, რომ პროცესმა თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩაიარა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. რასმუსენმა რუსეთს მოუწოდა კონსტრუქციულად ითანამშრომლოს უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან.

”რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა დამყარებული იყო ვალდებულებებზე - რუსეთმა კი ეს დანაპირები არ შეასრულა. ის მეზობლებს დაემუქრა და იძალადა მათზე. ის არ სცემს პატივს სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას”, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

რასმუსენმა მოუწოდა რუსეთს, უკრაინის საზღვრებიდან გაიყვანოს ჯარები და მისცეს ამ პროცესის მონიტორინგის უფლება საერთაშორისო დამკვირვებლებს.

ბრიუსელში ასევე გაიმართა NATO-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, სადაც უკრაინის კრიზისი მთავარი განსახილველი თემა იყო.

კომენტარები