აფხაზეთი

ბოკერია: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარება საქართველოსთვის სახიფათოა. ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ფხიზლად და ფხიზლად ამყოფოს საერთაშორისო საზოგადოება.

“ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარება სახიფათოა საქართველოსთვის. ისედაც ნათელია, რომ რუსეთის ფედერაცია მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით ყველა გადაწყვეტილებაზე სრულ კონტროლს ახორციელებს. ცვლილება, რაც ახლა მოხდა, რა თქმა უნდა, კლანების ძალაუფლებისთვის ბრძოლასაც უკავშირდება, მაგრამ აშკარად ტოვებს უფრო სასურველი, განსხვავებული აზრის არმქონე ლიდერების მოყვანის სურვილის კვალს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენთვის საგანგაშოა ის, რომ ლოზუნგები, რა ლოზუნგებითაც ამ პროცესის გაფორმება მოხდა, როგორც მინიმუმ, დაკავშირებულია ეთნიკური ქართველების შემდგომ შევიწროვებასთან, რაც ჩვენთვის დამატებითი საფრთხის შემცველია”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ამ ფონზე, საკვირველია საქართველოს ხელისუფლების წევრების გაკეთებული კომენტარები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ყურადღება ვახტანგ ყოლბაიასა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებებზე გაამახვილა.

“ერთმა თქვა, რომ საერთოდ არაფერს არ ველით, გამგებელს თუ შეცვლიანო. მეორემ თქვა, საამაყოა, რომ პირველად ამდენი წლის განმავლობაში, ამ პროცესებში საქართველოს ხელისუფლება არ არის ფაქტორი. არ მესმის, რა არის ამაში საამაყო? აფხაზეთში შექმნილი ვითარება არის საფრთხე. ხელისუფლება მუდმივად უნდა იყოს ძალიან ფხიზლად და ამყოფოს ფხიზლად საერთაშორისო საზოგადოება”, - თქვა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზური ოპოზიციის რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. მომიტინგეები ანქვაბს ავტორიტარიზმში და უუნარობაში ადანაშაულებდნენ. ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

კომენტარები