საქართველო-გერმანიის ურთიერთობა

მერკელი: გვიხარია, რომ საქართველო დაადგა ევროკავშირისკენ დაახლოების გზას

fb.com/GaribashviliOfficial

„გვიხარია, რომ საქართველო დაადგა ევროკავშირისკენ დაახლოების გზას, რაც გამოიხატება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დიდ ძალას ახმარს იმას, რომ განავითაროს ურთიერთობა რუსეთთან ნაბიჯ-ნაბიჯ", - თქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრეთ საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობაზე. ჩვენ ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ძალიან გვიხარია, რომ საქართველო დაადგა ევროკავშირისკენ მიახლოების გზას, რაც გამოიხატება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დიდ ძალას ახმარს იმას, რომ განავითაროს ურთიერთობა რუსეთთან ნაბიჯ-ნაბიჯ და ამ მაგალითზე ვხედავთ, რომ ლაპარაკია არა „ან-ან" სიტუაციაზე, არამედ საქართველო ორივე მიმართულებით მუშაობს".

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს „ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობისთვის":

„ჩვენ ვისაუბრეთ სიტუაციაზე საქართველოში - ნათელი გახდა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ურთიერთობას. ბატონი პრემიერი დაესწრება ეკონომიკურ ფორუმს, რომ განვითარდეს პარტნიორობა, ინვესტიციები საქართველოში. საქართველო ამისთვის ძალიან კარგ პირობებს ქმნის, თუმცა უკანასკნელ წლებში გარკვეული არასტაბილურობის შთაბეჭდილება იქმნებოდა საქართველოს გარშემო - ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების გამო. შეგვიძლია ვთქვათ, დღევანდელი მთავრობა ძალიან ნათლად ასრულებს ყველანაირ საკანონმდებლო ჩარჩო-პირობებს და ეს ხელს შეუწყობს მომავალ ხელშეკრულებას", - თქვა ანგელა მერკელმა.

საქართველოს პრემიერი ქართულ დელეგაციასთან ერთად ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. გერმანიის კანცლერთან შეხვედრა დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა.

შენიშვნა: მასალა მომზადებულია თარჯიმანზე დაყრდნობით.

 

კომენტარები