აფხაზეთი

ჯალაღანია: შესაძლოა, აფხაზეთში ეთნიკური წმენდის საბოლოო ფაზასაც მოვესწროთ

http://garbonline.tv/

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გადადგება, ახალი დაინიშნება თუ არა, ამას სამართლებრივი კუთხით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე თქვა, ნებისმიერი პოლიტიკური აქცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება, არის არალეგიტიმური და უკანონო, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. 

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს გალიდან ქართველების გამოსახლების საფრთხის შესახებ. ჯალაღანია აცხადებს, რომ ეს არსებული ვითარების თანმდევი შედეგია. 

"არ არის გამორიცხული, რომ ეთნიკური წმენდის მორიგ, შეიძლება ითქვას, საბოლოო ფაზასაც მოვესწროთ, ღმერთმა არ ქნას. მე არ მინდა ისე წარმოჩნდეს, რომ მთავრობამ დაიწყოს უკვე იმაზე ფიქრი, რომ ტერიტორიები გამოყოს და ბიუჯეტში სახსრები გაითვალისწინოს ამ ადამიანების განსასახლებლად, ჯერჯერობით ამის რაიმე ნიშანი, გარდა დეკლარირებული ინფორმაციისა, არ არის, თუმცა ეს ზრუნვის საგანია", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ და აღნიშნა, რომ ამ სახის საფრთხეებთან დაკავშირებით, უწყებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს უცხოელ პარტნიორებთან.

"საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება, ძალისხმევა არის ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზური ოპოზიციის რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. მომიტინგეები ანქვაბს ავტორიტარიზმში და უუნარობაში ადანაშაულებდნენ. ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

კომენტარები