ფარული ჩანაწერები

UNM: ხელისუფლება პორტატულ მოსასმენ აპარატურაზე ინსინუაციას ამზადებს

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ხელისუფლება მოსასმენ აპრატურასთან დაკავშირებით „ინსინუაციას" ამზადებს - ამის შესახებ პარტიის წევრმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

თარგამაძის თქმით, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ვაჟა ლელუაშვილი მოსასმენი პორტატული აპარატურის შეძენას დაიბრალებს და საქმეში წარმოდგენილ კუდ-ის კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად ხელს ვანო მერაბიშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს დაადებს:

„როგორც ჩანს, მართლდება ჩვენი ვარაუდი, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც იტყვის, რომ მან შეიძინა (სავარაუდოდ კიევში) მოსასმენი პორტატული აპარატურა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ ამას დაიბრალებს, იქნება ვაჟა ლელუაშვილი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე. საქმეში ასევე წარმოდგენილი იქნება ორი ყოფილი კუდ-ელი, რომელთა გვარებს ვაზუსტებთ. ამ ადამიანებს, ბოლო ერთი კვირის მანძილზე რეგულარულად ატარებენ მოდულის შენობაში. როგორც ფილმის გადაღებებზე, ისე დადიან იქ და ეს სპექტაკლი შესაბამისი სცენარით და რეჟისურით იდგმება. როგორც ჩანს, თემა იქნება ის შესყიდვები, რომელიც განხორციელდა სავარაუდოდ კიევში. სინამდვილეში ეს სხვა შესყიდვები იყო, მაგრამ იტყვიან, რომ ვითომ მოხდა პორტატული მოსასმენი აპარატურის შესყიდვა. მათ აიძულებენ, ხელი დაადონ კონკრეტულად ვანო მერაბიშვილს, სავარაუდოდ ჰყავთ კიდევ ერთი სამიზნე - ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, რომელსაც ბომბიც კი დაუდეს საკუთარ სახლთან და მიუხედავად ჩვენი არაერთგზის განცხადებისა, ამ საქმის გამოძიება ადგილიდან არ იძვრის - განსხვავებით იმ საქმეებისგან, რომლებსაც აანონსებს ჰაკიმ ფაშა", - ამბობს გივი თარგამაძე.

მისივე თქმით, პროკურატურის გააქტიურება რუსთავი 2-ზე უკანონო თვალთვალის ამსახველი მასალის გასვლის შემდეგ, კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის იმას, რომ ეს იქნება „მხოლოდ და მხოლოდ ინსცენირება და დადგმა".

„მათთვის უმჯობესია ხელი აიღონ ასეთი ტიპის ინსინუაციისგან, ვინაიდან ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოვა მზის სინათლეზე, თუ როგორ ხდება ფაბრიკაცია ამ და მთელ რიგ შემთხვევებში. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ამ ფაბრიკაციაში, მოუწევს შემდგომში პასუხისგება", - ამბობს დეპუტატი. თარგამაძისვე თქმით, ვაჟა ლელუაშვილი დღეს პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, თუმცა „ეს კომფორტი ხანმოკლე იქნება და დიდი პრობლემებით შეიცვლება".

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წინა ხელსუფლების დროს არაოფიციალურად, ფარული ხარჯებით შეძენილი ფარული მიყურადებისთვის განკუთვნილი აპარატურის დიდი ნაწილი ამჟამად დაკარგულია და პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ მისი გამოყენებით ფარულ მიყურადებას ამჟამად ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აწარმოებენ.

მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმაც. ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებებით, მოსასმენი აპარატურა „ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს" და ეს ტექნიკა, შესაძლოა, "ძველი მთავრობის წარმომადგენლებში იყოს გაშლილი".
პროკურატურას პორტატულ მოსასმენ აპარატურასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობაზე განცხადებას მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ხვალ, 30 მაისს გააკეთებს.

კომენტარები