წინასაარჩევნო გარემო

ენმ: საუბნო კომისიის წევრებისთვის პარტიული ტრენინგის ჩატარებით კანონი დაირღვა

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, რადგან პარტიის საუბნო კომისიის წევრებმა სამოქალაქო განვითარების ცენტრის (სიდა) ოფისში პარტიული ტრენინგი ჩაატარეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ქართული ოცნების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისში შესვლა ყველას შეუძლია და არანაირ შეჭრას ადგილი არ ჰქონია. მისი ინფორმაციით, პარტიული ტრენერები საუბნო კომისიის წევრებს, რომლებსაც პარტიული აქტივობები ეკრძალებათ, სიდას ოფისში ტრენინგს უტარებდნენ.

"მე დავუკავშირდი CIDA-ს წარმომადგენელს ზვიად დევდარიანს და მან დაადასტურა, რომ ქართული ოცნების თხოვნით საკონფერენციო დარბაზი ჰქონდათ დაქირავებული, თუმცა მათთვის უცნობი იყო, რომ ეს იყო პარტიული ტრენინგი საუბნო კომისიის წევრებისათვის, რადგან ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს არის კანონის დარღვევა. მე შემიძლია, ვიდეომასალაც წარმოგიდგინოთ. ტრენინგებს ვინც ატარებდნენ, განაცხადეს, რომ ისინი IRI-ის ტრენერები არიან, თუმცა მე ასევე დავუკავშირდი IRI-ის წარმომადგენელს და მან მითხრა, რომ არანაირ ტრენინგებს IRI არ ატარებს და ეს ადამიანები არ წამოადგენენ მათ ტრენერებს. მირანდა გომელაური და ცირა გვარამია ქართული ოცნების პარტიული ტრენერები არიან”, - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ საუბნო კომისიის იდენტიფიცირებულ წევრებს აღარ აქვთ უფლება, საქმიანობა გააგრძელონ, რადგან მათ უხეშად დაარღვიოს საარჩევნო კოდექსის ძირითადი პრინციპი.

"საუბნო კომისიის წევრები ვალდებულები არიან, იყვნენ ნეიტრალურები და არჩევნები ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ჩაატარონ", - თქვა გოგორიშვილმა და უარყო ოფისში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შეჭრა და შეხვედრის ჩაშლა.

“მე მესმის, როცა ასეთ შარში ხარ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ილაპარაკო ტყუილი. იქ იყო ერთ-ერთი მედიაჯგუფის წარმომადგენელი და რუსთავის საოლქო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომელმაც საბუთიც აჩვენა. ისინი ფაქტის დასაფიქსირებლად იყვნენ მისულები”, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსთავის საარჩევნო შტაბში შეჭრასა და პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

კომენტარები