გუშინდელი შეტაკებების შემდეგ, უკრაინელი ძალოვნები დონეცკის აეროპორტს მთლიანად აკონტროლებენ, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. არსენ ავაკოვმა აღნიშნა, რომ სეპარატისტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს, ძალოვნების მხრიდან კი არავინ დაშავებულა.
დიდ დანაკარგს სეპარატისტებიც ადასტურებენ. ვრცელდება ცნობები 150 დაღუპულის შესახებ. საჰაერო დარტყმისას ორი სატვირთო მანქანის განადგურების შედეგად, სეპარატისტთა მტკიცებით, სულ მცირე 35 მებრძოლი დაიღუპა.
დონეცკის მერის განცხადებით, სამხედროებსა და ტერორისტებს შორის ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მოქმედებს. მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი ყველა დაღუპული მებრძოლის გვამი, საავადმყოფოებში კი 42 დაჭრილი იმყოფება. უკრაინის ვიცეპრემიერის განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ტერორისტი არ დანებდება ან არ განადგურდება. სამხედრო ავიაციამ დღეს ასევე ლუგანსკის ოლქში ტერორისტთა ბაზა გაანადგურა.
დღეს დონეცკში სპორტის სასახლის შენობაც დაიწვა. ადგილობრივი წყაროების ცნობით, შენობა სეპარატისტებმა შურისძიების მიზნით დაწვეს, რადგან მისი მფლობელი, დეპუტატი ანდრეი კოლესნიკოვი, სეპარატისტების წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდა.
ანტიტერორისტული ოპერაცია დონეცკში ხმების დათვლის პარალელურად მიმდინარეობდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 93%დაამუშავა.
"ჩვენ გამოვაცხადეთ წინასწარი შედეგები ხმათა 95%-ის დათვლის შემდეგ. პეტრო პოროშენკომ 54,4% მიიღო, იულია ტიმოშენკომ 12,8%. ეს ტენდენცია შენარჩუნდება და შემდგომი დათვლა არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს", - ამბობს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე მიხაილო ოხლებოვსკი.
სერგეი ლავროვმა კი, თავისი გუშინდელი განცხადების საპირისპიროდ, დღეს განაცხადა, რომ უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში არ დგას. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა უკრაინას სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა.
"#1 ამოცანა კიევის ხელისუფლებისთვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჯარის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტაა და ნებისმიერი ძალადობის შეჩერება ყველა მხრიდან. პოროშენკოს რუსეთში ვიზიტის საკითხი არ განხილულა და არ განიხილება დიპლომატიური ან რაიმე სხვა არხებით. იმედი გვაქვს პეტრო პოროშენკო უკრაინელი ხალხის ინტერესებში იმოქმედებს და ამ შემთხვევაში ჩვენ მისი სერიოზული და საიმედო პარტნიორი ვიქნებით", - თქვა ლავროვმა.
უკრაინის საგარეო იწყება აცხადებს, რომ ქვეყნის ხელსუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელწიფოთა თანამეგობრობის დატოვების შესახებ, შესაბამისი პროცედურები უახლოეს პერიოდში დაიწყება.




