მარგველაშვილი: ეს არის უმნიშვნელოვანესი ხელმოწერა და აქ კინკლაობა არ იქნება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების დათმობას "პრემიერმინისტრის ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვების მოხსნის" მიზეზით ხსნის.

"ეს ხელშეკრულება იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ აუცილებელია, მასზე ხელმოწერა იყოს მტკიცე ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე და ეს ისტორიული დოკუმენტი აბსოლუტურად მტკიცედ შევიდეს ძალაში. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად მოვხსნათ კითხვები, რომელიც წარმოიშვა ამ მიმართულებით და ბუნებრივად გადავეცით ეს უფლებამოსილება პრემიერმინისტრს. შესაბამისად, ხელმოწერის შემდეგ არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად ლეგიტიმური იყო ეს ხელმოწერა, არ იარსებებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება და ეს კითხვა ამ გადაწყვეტილებით მოვხსენით", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, ხელშეკრულება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და აღნიშნულ პროცესში კინკლაობა არ იქნება.

"ამ საკითხს არ სჭირდებოდა კონსულტაციები, რადგან ეს არის დათმობა საკუთარი უფლებამოსილების. შესაბამისად, ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე დავუთმეთ ჩვენ ეს უფლება პრემიერმინისტრს, გავამაგრეთ ეს დათმობა იურიდიული საფუძვლით, რათა არასდროს ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე არ დაისვას კითხვა. მოტივაცია აქ არის ნათელი - ეს არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ხელმოწერა და აქ კინკლაობა არ იქნება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები