რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

დარჩიაშვილი: რუსეთისგან, რა თქმა უნდა, იქნება პრობლემები

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, "თუ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის", რაც მისი თქმით, აუცილებელია, "რუსეთისგან, რა თქმა უნდა, იქნება პრობლემები". დეპუტატმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "საქართველომ უნდა გააცნობიეროს, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით".

დავით დარჩიაშვილის თქმით, თუ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას რუსეთისგან პრობლემები ვერ წარმოუდგენია, "მაშინ ნურც წვალობენ. ნუ ეგონებათ, რომ ია-ვარდით აქვთ მოფენილი გზა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში".

ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, „ბოლო პერიოდში რუსეთმა დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში. ეს რაღაცაზე მეტყველებს. ყველა სახელმწიფომ უნდა გათვალოს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობის შედეგები და დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ზომები შეიძლება მიიღონ სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც მათთან ორმხრივი შეთანხმებები აკავშირებთ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი შეშფოთებულა საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებთ საქართველოში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებთ.

„ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის NATO-ში გასაწევრიანებლად. ისინი მოქმედებენ სრულ პოლიტიკურ ვაკუუმში ისე, რომ არ ფიქრობენ, რომ ამან, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებას ზარალი მიაყენოს. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა საქართველოში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

კომენტარები