ასოცირების შეთანხმება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასოცირების შეთანხმებას ხელს პრემიერი მოაწერს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერმინისტრი მოაწერს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ყველა სახის საერთაშორისო მოქმედებები მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება და პრეზიდენტის ხელმოწერა აუცილებლად საჭიროებს პრემიერის კონტრასიგნაციას.

თადუმაძის თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცედურებზე პრეზიდენტს არ მიუღია გადაწყვეტილება მოლაპარაკების წარმოებაზე და მთავრობასაც არასოდეს მიუცია მისთვის უფლებამოსილება - ევროკავშირთან მოლაპარაკებები განეხორციელებინა.

"მთავრობა სამართლებრივად და პრაქტიკულად შეუძლებლად წარმოიდგენს იმას, რომ მისცეს პრეზიდენტს თანხმობა განახორციელის აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მთავრობის შესასრულებელი და პასუხისმგებლობის ქვეშ განსახორციელებელი მოქმედებებია" - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

შალვა თადუმაძის განმარტებითვე, იურიდიული აქტისთვის ძალის მინიჭება კონტრასიგნაციის შემდეგ ხდება.

"პრეზიდენტის მიერი ხელმოწერილი ხელშეკრულება ვერ შეიძენს იურიდიულ ძალას მანამ, სანამ არ მოხდება მთავრობის მიერ აქტის კონტრასიგნაცია. ამიტომ, ცოტა გაუგებარი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე განმარტებები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ აქტს არ აქვს იურიდიული ძალა, სანამ ხელს არ მოაწერს პრემიერი. პრაქტიკული და სამართლებრივი საკითხების გათვალისწინებით, რადგან მთავრობა წარმართავდა მოლაპარაკებებს ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ასევე მთავრობაა უფლებამოსილი, პრემიერის სახით მოაწეროს ხელი და შესაბამისად, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ნაკისრი ვალდებულება" - აცხადებს თადუმაძე.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტაბულას უთხრეს, საპასუხო განცხადება დღის მანძილზე გავრცელდება.

ამასთან, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხს რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, "ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დათქმაა, რომ პრეზიდენტს ხელმოწერის უფლება მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე აქვს. ეს კონსტიტუციური ნორმაა. ეს უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებაა, რომლის ხელის მოწერაც საქართველოსთვის სტრატეგიულია. შესაბამისად, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამის თაობაზე კონსულტაციები აუცილებლად ჩატარდება. ისიც შემიძლია, დავაფიქსირო, რომ ჩემთვისაც, ასევე მნიშვნელოვანია, ხელი საქართველომ მოაწეროს“.

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს მოაწერს.

კომენტარები