მედიაგარემო

CDI: ტაბულაზე არ დაფიქსირებულა ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI) 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ონლაინმედიის მონიტორინგის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 14 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდს მოიცავს. 

შუალედური ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ტაბულამ "საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები". CDI-ს შეფასებით, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებში მაღალ დონეზეა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. საანგარიშო პერიოდში, ტაბულაზე არ დაფიქსირებულა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები.

"2012 და 2013 წლების არჩევნების პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით tabula.ge-ზე შეიმჩნევა პოზიტიური ცვლილება სუბიექტთა გაშუქების ბალანსის დაცვის კუთხით. მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (30%), მთავრობის (21%), კოალიცია ქართული ოცნებისა (18%) და პრემიერმინისტრის (18%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ერგო პრემიერმინისტრს (31%). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი ტონი გვხვდებოდა რესპონდენტთა განცხადებებში და არა ჟურნალისტთა ტექსტებში. tabula.ge-ს ჟურნალისტები მონიტორინგის პერიოდში თავს იკავებდნენ პოლიტიკური შეფასებებისა და დაუსაბუთებელი მსჯელობისგან", - ნათქვამია კვლევაში და აღნიშნულია, რომ დადებითი ან უარყოფით ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები სხვა სუბიექტების გაშუქებისას არ დაფიქსირებულა.

"მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდი ნაკლები სიხშირით აშუქებდა მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობას და ძირითად ყურადღებას პოლიტიკურ პარტიებსა და სახელისუფლებო სტრუქტურებს უთმობდა. ასევე, საკმაოდ აქტიურად შუქდებოდა პარლამენტის საქმიანობა ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვასთან დაკავშირებით. მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ tabula.ge-ზე, გასულ წლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, შეიმჩნევა გაუმჯობესება პოლიტიკური პროცესების ობიექტურად გაშუქების კუთხით", - აცხადებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

2014 წლის 15 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, CDI ქართულ ონლაინმედიას აკვირდება. წინასაარჩევნო მონიტორინგი ევროკავშირისა და
გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის "პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ფარგლებში ტარდება.

ონლაინმედიის მონიტორინგისთვის შერჩეულია შემდეგი ვებგვერდები: netgazeti.ge, droni.ge, pirveliradio.ge, liberali.ge, news.ge, presa.ge, civil.ge, tabula.ge, reportiori.ge, for.ge, dfwatch.net, palitratv.ge.

პროექტის განმავლობაში ყოველთვიურად გამოქვეყნდება ონლაინმედიის მონიტორინგის ანგარიშები, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება საბოლოო, შემაჯამებელი ანგარიში.

კომენტარები