შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობით, აჭარის მთავარი სამმართველო მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს.
გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში).
სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მოკლული ქალბატონი მეცხრე შვილზე იყო ორსულად. სოფლის რწმუნებულის როლანდ ბერიძის ცნობით, 30 წლის ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მისივე თქმით, მკვლელობა, სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. ამჟამად გარდაცვლილის ოჯახში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან და ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს მოგვიანებით მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ქმრის მიერ ცოლის (ან ყოფილი ცოლის) მკვლელობის (ან დაჭრის) რამდენიმე შემთხვევა გახდა ცნობილი.





