კრიზისი უკრაინაში

ტერორისტების დაჯგუფება უკრაინელი ძალოვნების ბლოკ-საგუშაგოს დაესხა თავს

REUTERS

ქალაქ სლავიანსკის მახლობლად, გუშინ საღამოს ტერორისტების 40-კაციანი ჯგუფი ძალოვნების ბლოკ-საგუშაგოს დაესხა თავს. თუმცა, საპასუხო ცეცხლის შედეგად, დივერსანტები იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ.

კიდევ ერთი თავდასხმა კი, ხარკოვის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის მთავარი ბაზის მახლობლად, სამხედრო კოლონაზე მოხდა.

უკრაინელი ძალოვნებიდან არავინ დაზარალებულა. უკრაინული წყაროების ინფორმაციით, სეპარატისტთა რიგებში პანიკაა, ტერორისტული დაჯგუფება ქვეყნის დასატოვებლად და რუსეთში გადასასვლელად ემზადება.

დონეცკის ოლქში, გავლენიანი ბიზნესმენის რინატ ახმეტოვის მოწოდების შემდეგ, ზოგიერთი საწარმოს თანამშრომლებმა და ხელმძღვანელებმა სეპარატიზმის წინააღმდეგ აქციები გამართეს. სულ აქციას რეგიონში მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

"ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა უკანონო წარმონაქმნია, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ და მასთან მოლაპარაკებებს არ გავმართავთ. დღეს სიტუაციას მარიუპოლში მილიცია და მერი აკონტროლებენ, მაგრამ დონეცკის რესპუბლიკის ხალხი ქალაქში იარაღით შემოდის, რათა დააშინონ მოსახლეობა და ადგილობრივი ხელსუფლება. ჩვენ გვინდა, რომ ეს შეწყდეს", - განაცხადა კომპანია მეტინვესტის გენერალურმა დირექტორმა იური რუგენკოვმა.

კომენტარები