ასოცირების ხელშეკრულება

მარგველაშვილი: ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, თოქ-შოუ პოლიტიკის დროში განაცხადა.

"ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დათქმაა, რომ პრეზიდენტს ხელმოწერის უფლება მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე აქვს. ეს კონსტიტუციური ნორმაა. ეს უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებაა, რომლის ხელის მოწერაც საქართველოსთვის სტრატეგიულია. შესაბამისად, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამის თაობაზე კონსულტაციები აუცილებლად ჩატარდება. ისიც შემიძლია, დავაფიქსირო, რომ ჩემთვისაც, ასევე მნიშვნელოვანია, ხელი საქართველომ მოაწეროს“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, ხელმომწერის ვინაობა მისთვის პრინციპული საკითხი არ არის. „თუ იქნება პოზიცია, რომ ხელი რომელიმე სხვა ლეგიტიმურმა პირმა მოაწეროს, მე ამ საკითხს არ გამოვედავები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში განსახორციელებელ პროცესებს მოიცავს. შესაბამისად, მგონია, რომ უპრიანია, როდესაც ხელს სახელმწიფოს მეთაური აწერს, თუმცა ლეგიტიმურია, რომ სხვა პირმაც მოაწეროს ხელი", – თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები