კრიზისი უკრაინაში

მედვედევი: რუსეთი უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას ვერ მისცემს

რუსეთის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებით, "რუსეთი უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას ვერ მისცემს". ამის შესახებ მედვედევმა ბლუმბერგისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთს ამ მხრივ საკუთარ თავზე რაიმე ვალდებულებები არასოდეს აუღია. სამაგიეროდ, რუსეთის პრემიერმა დასვლეთს უკრაინის NATO-ში არგაწევრიანების გარანტია მოსთხოვა. 

ამასთან, რუსულ ქვედანაყოფებს, რომლებიც უკრაინის საზღვართან წვრთნებში მონაწილეობდნენ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დისლოკაციის ადგილებში დაბრუნება უბრძანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ჯარების გადაადგილებისთვის მზადება მიმდინარეობს. უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის შესახებ გუშინ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა. თუმცა, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის აზრით, პუტინის განცხადება შესაძლოა დროის გაყვანის და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყოს.

შეერთებულ შტატებს არ გააჩნია რაიმე მტკიცებულებები, რომელიც უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარების გაყვანას დაადასტურებდა, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადებები მანამდეც კეთდებოდა, თუმცა, არ შესრულდა.

გუშინ აღმოსავლეთ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი, ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირე რინატ ახმეტოვი სეპარატისტებს ღიად დაუპირისპირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სეპარატისტებმა ახმეტოვის მიერ დაგეგმილი მშვიდობის მარში იარაღის მუქარით ჩაშალეს. თავის ვიდეომიმართვაში ახმეტოვმა რეგიონის მოსახლეობას სეპარატისტების წინააღმდეგ აქციების გამართვისკენ მოუწოდა და საყოველთაო გაფიცვის დაწყება გამოაცხადა. 

"ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს. მათ შორის ისინი, ვინც საკუთარ თავს დონეცკის რესპუბლიკას უწოდებს. მითხარით, დონბასში ვინ იცნობს ამ რესპუბლიკის თუნდაც ერთ წარმომადგენელს? რა გააკეთეს ჩვენი რეგიონისთვის? რა სამუშაო ადგილები შექმნეს? ავტომატებით სიარული ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვაა? მაროდიორობა და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანა არის ბრძოლა ჩვენი ბედნიერებისთვის? არა, ეს არის ბრძოლა მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს დონბასის გენოციდია და ამის უფლებას არავის მივცემ", - თქვა რინატ ახმეტოვმა. 

ქალაქ სლავიანსკთან კი ბრძოლები გრძელდება. უკრაინული წყაროების ცნობით, ტერორისტების მხრიდან ტელეანძის მიმართულებთ გახსნილი ცეცხლის შედეგად ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.

კომენტარები