17 მაისი

100-ზე მეტი ქვეყანა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს

დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე 2004 წლიდან აღინიშნება. 17 მაისი არის დღე, როდესაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია დაავადებათა კლასიფიკაციიდან ამოიღო. ეს მოხდა 1990 წელს.

წელს, 17 მაისი საქართველოს პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები და ლგბტ თემი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, არავითარ აქციას არ გეგმავენ,  სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი მსვლელობას მაინც გამართავს. თბილისში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების საწინააღმდეგო აქცია სამ ადგილას გაიმართება. ამასთან, ისინი "ჰომოსექსუალიზმის, ათეიზმის, ფემინიზმისა და ტრანსსექსუალური ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალის გამოფენის მოწყობას" აპირებენ.

გასული წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში აქცია იგეგმებოდა, რომელიც მრავალათასიანი კონტრდემონსტრაციის მონაწილეებმა ძალადობრივად ჩაშალეს. 

კომენტარები