საყდრისი

საყდრისის დაცვის კომიტეტი კულტურის სამინისტროს უნდობლობას უცხადებს

news.ge

საყდრისის დაცვის კომიტეტი ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან უცხოელი ექსპერტების დასკვნის სრული ვერსიის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას მოითხოვს. მათი განცხადებით, დასკვნაში წერია, რომ საყდრისი უნიკალური ძეგლია და შესაბამისად,"სააგენტომ უნდა შეწყვიტოს საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება". მათი თქმით, ექსპერტებმა დადებითი და მნიშვნელოვანი დასკვნა დაწერეს, მას სააგენტო არ ასაჯაროებს და ხდება დოკუმენტის არაჯანსაღი ინტერპრეტაცია. ამასთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრები დღეს, 14:00-ზე, სახელმწიფო კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დღესვე, კომიტეტის წევრები კანცელარიაში შეიტანენ პეტიციას "უნდობლობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ საააგენტოს". პეტიცია რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის სახელზე დაიწერა.

"დოქტ. ჟელევისა და დოქტ. იოკენჰოფელის შუალედური ანგარიში გამორცხავს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე სამუშაოების წარმოებას და უძველესი ოქროს მაღაროს განადგურებას.

1. ჩვენი დამოკიდებულება საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მიმართ დადასტურებულია პროფ ჟელევისა და პროფ იოკენჰოფელის შუალედური ანგარიშით.

2. კონკრეტულად, როგორც მოწვეულმა სამთო გეოლოგმა, ისე არქეო-მეტალურგიის სპეციალისტმა, დაადასტურეს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი არის ოქროს საბადო: “იქ ნამდვილად ხორციელდებოდა მადნის მოპოვება. რას მოიპოვებდნენ იქ ჩვენი წინაპრები? ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება - ოქრო ან სპილენძი. ორივე მადანი მოიპოვება იქ არსებულ ძარღვში, თუმცა ოქრო ჭარბობს“.

3. პროფ. იოკენჰოფელი ეთანხმება ქართულ-გერმანული არქ. ექსპედიციის შედეგებს, კერძოდ, ადასტურებს, რომ ადგილზე მუშაობისასა მან თავად მიაკვლია მტკვარ-არაქსის კულტურულ ფენებს, რომლებიც ემთხვევა საბადოს ექსპედიციის მიერ დადგენილ თარიღს (ძვ. წ. 3000).

4. ორივე მეცნიერი ხაზს უსვამს გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების აუცილებლობას, რაც გამორიცხავს მადნის მოპოვებას აფეთქების/ღია კარიერული წესის მეშვეობით.

5. რეკომენდაციებში არაერთგზის არის მითითებულ არქეოლოგიური გადარჩენითი სამუშაოები.

6. ექსპერტებმა სამი შესაძლო გზა შესთავაზეს საქართველოს: პირველი: ტერიტორიისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება, მეორე: მადნის მოპოვების დაწყება არსებული არქეოლოგიური მონაცემების უგულებელყოფით, მესამე: კონსესუსი, რაც გულისხმობს აღნიშნულ სიტუაციაში შეხვედრების ორგანიზებას და გადაუდებელი გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაობის წარმოებას.

ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ექსპერტებს ეჭვი არ შეუტანიათ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი არის უძველესი სამთამადნო ძეგლი, პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროსა და სააგენტოს ხელმძღვანელობას, ასევე ქართველ მეცნიერთა იმ ნაწილს, რომელმაც სამეცნიერო ფაქტების გაყალბებით სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საფრთხის ქვეშ დააყენა უნიკალური მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო არქეოლოგიური მემკვიდრეობა", - აცხადებს საყდრისის დაცვის კომიტეტი.

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით, კომპანია RMG გოლდმა საყდრისში მუშაობა სპეციალისტების დაკვირვების პარალელურად უნდა გააგრძელოს. მათი ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანია RMG გოლდმა ოქროს მოპოვება უნდა გააგრძელოს, თუმცა ეს სპეციალისტების დაკვირვების პარალელურად უნდა მოხდეს. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის დროს სხვადასხვა კულტურული შრეს აღმოაჩენენ, კომპანიამ მუშაობა დროებით უნდა შეაჩეროს. ექსპერტებმა დოკუმენტი საქართველოში ათდღიანი მუშაობის შემდეგ მოამზადეს.

კომენტარები