სახალხო დამცველის განცხადება

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ომბუდსმენის მიმართვის გამო, შემოწმება დაიწყო

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის წარმომადგენლებისათვის ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო განცხადება დღეს გააკეთა.

"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს სამინისტრომ მიიღო სახალხო დამცველის მომართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის დაბრკოლების ხელოვნურად შექმნის შესახებ. აღნიშნული მომართვის საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. შემოწმების დასრულების შემდეგ, შესაბამისი დასკვნა ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის", - აცხადებს სამინისტრო.

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელმა საგამოძიებო ოთახში შესვლისკენ აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მოუწოდა. ნანუაშვილის თქმით, რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საგამოძიებო ოთახში შევიდნენ და ვითარებაში გარკვევას შეეცადნენ.

„ზემოხსენებულმა თანამშრომელმა მათთან საუბარი არ ისურვა და კარი გარედან ჩაუკეტა. ამავე დაწესებულებაში, სახალხო დამცველის წარმომადგენელს საჩივრების ყუთზე არსებული ლუქის თარიღისა და მთლიანობის შემოწმების საშუალება არ მისცეს. შემთხვევები იყო, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებს საკანში პატიმარის დაუყოვნებლივ ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. ხოლო, მე-7 და მე-15 დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისას, მათ მაჯის საათების დატოვებას დაჟინებით სთხოვდნენ, რომელიც სამუშაო პროცესში სჭირდებოდათ“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.  

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნას წარმოადგენს, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. ნანუაშვილს მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სამსახურებრივი შემოწმება აუცილებელად უნდა ჩაატაროს და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომები გაატაროს.

„მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა 2014 წლის 8 მაისს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წინადადებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მიმართა. წინადადებაში სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობისათვის ხელის შეშლის არაერთი ფაქტი დეტალურად იყო აღწერილი“, - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

კომენტარები